ილონ მასკი

"აღნიშნულ რეგიონებში Starlink-ი არ გააქტიურებულა, SpaceX-ს არაფერი გაუთიშავს" – მასკი

REUTERS/Gonzalo Fuentes

ილონ მასკი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მან Starlink-ის ინჟინრებს დაავალა ყირიმის სანაპიროს მახლობლად კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზების გამორთვა, რათა რუსეთის სამხედრო ფლოტზე უკრაინული ძალების იერიში შეეჩერებინა. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა

მასკმა აღნიშნა, რომ კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზები არ გამოურთავს, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის თხოვნაზე, რომ ისინი ჩაერთო, უარი განაცხადა.  

"აღნიშნულ რეგიონებში Starlink-ი არ გააქტიურებულა. SpaceX-ს არაფერი გაუთიშავს.

იყო გადაუდებელი მოთხოვნა სამთავრობო ხელისუფლების პირებისგან, გაეაქტიურებინათ Starlink-ი სევასტოპოლამდე. აშკარა განზრახვა იყო რუსული ფლოტის უმეტესი ნაწილის ჩაძირვა.

მე რომ დავთანხმდებოდი მათ თხოვნას, მაშინ SpaceX-ი გახდებოდა ომის დიდი აქტისა და კონფლიქტის ესკალაციის პირდაპირი მონაწილე". - თქვა მასკმა.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ "[ომში ჩართული] ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ზავზე".

"ყოველდღე უფრო და უფრო მეტი უკრაინელი და რუსი ახალგაზრდა იღუპება იმისთვის, რომ მოიპოვონ ან დაკარგონ მიწის მცირე ნაწილები, რომელთა საზღვრები თითქმის არ იცვლება. მათი სიცოცხლე ამად არ ღირს". - თქვა მასკმა.


ცნობილი ბიოგრაფიული წიგნების, სტივ ჯობსი და აინშტაინი: სიცოცხლე და სამყარო-ს ავტორმა, უოლტერ ისააკსონმა წიგნი ამჯერად მულტიმილიარდერ ილონ მასკის ბიოგრაფიაზე დაწერა.

წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში ისააკსონი წერს, რომ მასკმა Starlink-ის ინჟინრებს დაავალა ყირიმის სანაპიროს მახლობლად კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზების გამორთვა, რათა შეეჩერებინა უკრაინული ძალების იერიში რუსეთის სამხედრო ფლოტზე. 

2022 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინ უკრაინას შეუწყდა კომუნიკაციის სისტემა, ილონ მასკმა უკრაინას მისცა სტარლინკის სატელიტური ტერმინალების გამოყენების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. 

თუმცა, ავტორის მიხედვით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ სტარლინკის გამოყენება დაიწყო თავდასხმით ოპერაციებისთვის, მასკმა გადააფასა საკუთარი გადაწყვეტილება.

2022 წლის 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. 

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს წერილი მისწერა,  რომლის მიხედვით, კომპანიას აღარ შეუძლია Starlink-ის სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ უნდა ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი. 

Starlink-ის გათიშვის შესახებ უკრაინელი სამხედროებიც საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ეს მათ წინსვლას აფერხებდა. 

უკვე 2023 წლის თებერვალში, SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა თქვა, რომ კომპანიამ მიიღო ზომები უკრაინული სამხედროების მიერ დრონების სამართავად კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისის Starlink-ის გამოყენების შესაზღუდად.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის დანიშნულება, რომელიც უკრაინის სამხედროებს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად კომუნიკაციაში ეხმარებოდა, შოტველის თქმით, არასდროს გულისხმობდა შეტევითი მიზნებისთვის მის ინსტრუმენტალიზაციას. 

კომენტარები