პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს – როგორია პროცედურა

დღეს, 1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებს, კერძოდ, კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", რადგან 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, ეს კი, "რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას" მოითხოვს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის "უხეშად" დარღვევა აიხსნება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას "საერთო პატრონები ჰყავთ და მას გარანტიები მათი მხრიდან აქვს მიღებული", შესაბამისად, კობახიძის თქმით, პრეზიდენტს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის იმედი აქვს.  

"თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ" - ამბობს კობახიძე.

დღევანდელი მონაცემებით, ქართულ ოცნებას პარლამენტში 75 დეპუტატი ჰყავს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებისაგან შემდგარი მოძრაობა ხალხის ძალა 9 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ივანიშვილის ინტერესების გამტარებელ კიდევ ერთ პარტიას, ევროპულ სოციალისტებს კი - პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავს. საერთო ჯამში, ამჟამად პარლამენტში სულ მცირე 88 დეპუტატია, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას პოტენციურად მხარს დაუჭერს. ეს რაოდენობა არ არის საკმარისი პრეზიდენტის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. 

რას ნიშნავს იმპიჩმენტის პროცედურა? 

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტს მომზადებულ დასკვნას 1 თვის ვადაში გადასცემს. 

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას ან დანაშაულებრივ ქმედებას აღმოაჩენს, პარლამენტი 2-კვირიან ვადაში კენჭს უყრის იმპიჩმენტის პროცედურას. 

პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს 100 დეპუტატი – პარლამენტის წევრთა ორი მესამედი. 

კომენტარები