რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მერი კვლავ ავრცელებს ცნობას ქალაქზე დრონით თავდასხმის მცდელობაზე

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი კვლავ აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქზე დრონით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს.

მისი მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქის ქალაქ ლიუბერცის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. როგორც მოსკოვის მერი ირწმუნება, არავინ დაშავებულა.

მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში მუშაობა კვლავ დროებით შეჩერდა.

პარალელურად, ფსკოვში კვლავ ისმოდა სროლის ხმა. როგორც ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა დაწერა, აეროპორტი კრესტის მიდამოებში ცაში შენიშნეს "ერთი ამოუცნობი ობიექტი".

მისივე თქმით, სროლის ხმა იმიტომ ისმოდა, რომ საკონტროლო პუნქტის დაცვა ობიექტის უვნებელყოფას ცდილობდა.

გუბერნატორი ირწმუნება, რომ შემთხვევის შედეგად არაფერი დაზიანებულა.

აქამდე, 30 აგვისტოს ღამეს ფსკოვში მდებარე აეროპორტზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უპილოტო აპარატებით იერიში მიიტანეს. შემდეგ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წარმატებით შედგა უკრაინული წარმოების შორი მანძილის იარაღით 700 კილომეტრში მდებარე სამიზნეზე იერიშის მიტანა.

ამას გარდა, კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ უკრაინული დრონი ქალაქ კურჩატოვში ჩამოაგდეს. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ სამიზნე ქალაქში მდებარე ატომური სადგური იყო. დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ერთი შენობა.

კომენტარები