რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაზიანებულია 4 სამხედრო თვითმფრინავი - რუსეთის ოლქებზე დრონებით იერიშები მიიტანეს

აფეთქება ფსკოვში

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა ოლქებში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. 

პირველი დარტყმები ქალაქი ფსკოვის აეროპორტზე მიიტანეს. სოციალურ ქსელებში აფეთქებების კადრები გავრცელდა. სხვადასხვა წყარო წერდა, რომ შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე საწვავის შესავსები პუნქტი ყოფილიყო.

ფსკოვის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ქალაქისა და ფსკოვის ოლქის თავზე საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითნფრინავებისთვის დახურული იქნება. ფსკოვის აეროპორტი 30 აგვისტოს არ იმუშავებს.

დამოუკიდებელი რუსული მედია Meduza წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აეროპორტში გაჩენილი ხანძრის სირთულე მესამე ხარისხის იყო. სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ს კი გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროს წყარომ უთხრა, რომ დაზიანებულია 4 ერთეული Ил-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.

გუბერნატორის მტკიცებით, თავდასხმას თავდაცვის ძალები იგერიებდნენ.

ფსკოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფსკოვი უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრში მდებარეობს

ფსკოვის აფეთქებების შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ცნობები გავრცელდა ბრიანსკის ოლქიდანაც. რუსეთუს თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ბრიანსკის ოლქში 3, ხოლო ორლოვის ოლქში 1 დრონი ჩამოაგდეს.

როგორც რუსული ტელეგრამ-არხი BAZA წერდა, ბრიანსკზე მიტანილი იერიშების შედეგად ხანძარი გაჩნდა რუსეთის უმსხვილესი მიკროელექტრონიკის მწარმოებლის, Кремний ЭЛ-ის საწარმოს ტერიტორიაზე. ადგილობრივი დროით 01:50-ზე ხანძარი ჩააქრეს.

ორიოლის გუბერნატორმა საკუთარ ოლქში მეორე დრონის ჩამოგდების ცნობაც გაავრცელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ 2 დრონი ჩამოაგდეს რიაზანის ოლქში, ერთიც კალუგის ოლქში. კალუგის გუბერნატორმა შემდეგში გაავრცელა ცნობა მეორე ჩამოგდებული უპილოტო აპარატის შესახებაც.

რუსეთის თავდაცვა ასევე ირწმუნებოდა, რომ კიდევ ერთი დრონი, რომლის სამიზნეც დედაქალაქი იყო, ჩამოაგდეს მოსკოვის ოლქის რუზის რაიონში.

მოსკოვის აეროპორტებმა რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტეს.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბრიანსკის ოლქზე გამთენიისას დრონით კიდევ ერთი იერიში მიიტანეს და როგორც ოლქის გუბერნატორი წერს, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობის სახურავი და ფანჯრები.

პარალელურად, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნებოდა, რომ შავი ზღვის ფლოტის ძალებმა უპილოტო აპარატების თავდასხმები მოიგერიეს.

კომენტარები