ბელარუსი

ლუკაშენკო: აგრესიის შემთხვევაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ

Maxim Guchek/BELTA/AFP/Getty Images

ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბელარუსში რუსეთის მიერ განთავსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, აგრესიის შემთხვევაში, ისინი მთელ არსენალს გამოიყენებენ.

"საფრთხე შეიძლება ერთი იყოს - აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის მხრიდან დაიწყება აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ ყველაფრით, რაც გაგვაჩინა".  - თქვა 17 აგვისტოს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

როგორც ლუკაშენკო ირწმუნება, ბელარუსში რუსეთს ბირთვული იარაღი ვინმეს დასაშინებლად არ შემოუტანია. მისი თქმით, მართალია, ბირთვული იარაღი ძლიერ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ ეს არის ტაქტიკური და არა სტრატეგიული ბირთვული იარაღი და ბელარუსი მზად არის აგრესიის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ გამოიყენოს.

"ბირთვული იარაღი, რომელიც ბელარუსშია განთავსებული, ნამდვილად არ იქნება გამოყენებული, თუ ჩვენ წინააღმდეგ აგრესიას არ მომართავენ. თუ ჩვენს წინააღმდეგ ჩაიდენენ აგრესიულ აქტს, ბელარუსზე თავდასხმას, ჩვენ არ დავაყოვნებთ და არ მოივცდით. გამოვიყენებთ შეკავების იარაღის მთელ არსენალს... როგორც კი იქნება აგრესია ჩვენ წინააღმდეგ, გეგმის შესაბამისად... დაუყოვნებლივ გავცემთ პასუხს ყველაფრით, რაც გაგვაჩნია. ბირთვული იარაღი არავის დასაშინებლად შემოგვიტანია. დიახ, ბირთვული იარაღი ეს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია. მაგრამ ეს ტაქტიკური ბირთვული იარაღია, არა სტრატეგიული. ამიტომ ჩვენ მას დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ, როგორც კი ჩვენს წინააღდეგ აგრესია იქნება". – თქვა ლუკაშენკომ.

ინტერვიუში ლუკაშენკომ თქვა, რომ "ბელარუსი არასდროს ჩაერთვება ამ ომში, თუ უკრაინელები მის საზღვარს არ გადაკვეთენ", თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებდა რუსეთის დახმარებას, რადგან ის ბელარუსის მოკავშირეა.

აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა ივლისში განაცხადეს, რომ მათ არ სჯერათ, რომ ლუკაშენკოს რაიმე კონტროლი ექნება საბრძოლო არსენალზე, რომელსაც, სავარაუდოდ, მთლიანად რუსეთი აკონტროლებს.

ლუკაშენკოს ამ კომენტარამდე, პოლონეთმა და ლიტვამ ბელარუსის საზღვარზე ძალები გააძლიერეს და კონტროლი გაამკაცრეს.

პოლონეთმა ვაგნერის შესახებ შეშფოთების მოტივით, 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ დაახლოებით 10 000 ჯარისკაცს  ბელარუსის საზღვართან გადაიყვანდა და ამასთანავე,  დააკავა ორი რუსი, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ბრალდებულნი.

ლიტვის მთავრობამ კი 16 აგვისტოს თქვა, რომ ვაგნერის ძალების შეშფოთების გამო, დროებით ბელარუსთან ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორზე ოპერაციებს შეაჩერებს.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ივნისში ბელარუსმა რუსული ბირთვული შეიარაღების მიღება და განთავსება დაიწყო.

კომენტარები