აშშ-ჩინეთი

ჩინეთი, როგორც "დაყოვნებული მოქმედების ბომბი" მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს – ბაიდენი

ჯო ბაიდენი ვილნიუსის სამიტზე
Andrew Caballero-Reynolds/AFP/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოწვევების წინაშე მდგარ ჩინეთს "დაყოვნებული მოქმედების ბომბი" უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლოა დანარჩენი სამყაროსთვის საფრთხის შემცველი იყოს.

"მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს ჩადიან". - თქვა ბაიდენმა 10 აგვისტოს იუტაში საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის თანხების მოსაზიდად გამართულ პოლიტიკურ ღონისძიებაზე.

ბაიდენის ბოლო შენიშვნები ივლისში გაკეთებული კომენტარის მსგავსია, როდესაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი დიქტატორად მოიხსენია.

ეს აზრი პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ გააჟღერა. ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციას. ჩინეთმა განცხადებებს "პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდა. ბაიდენმა შემდგომში აღნიშნა, რომ მას ჩინეთისათვის ზიანის მიყენება არ სურს, პირიქით, მასთან რაციონალური ურთიერთობის მომხრეა.

ჩინეთის ეკონომიკა ამჟამად დეფლაციაშია, სამომხმარებლო ფასების და ხელფასები სტაგნაციაშია, ხოლო უმუშევრობის დონე იზრდება. ასევე, სუსტი გლობალური მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩინეთის ივლისის იმპორტი და ექსპორტი სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის. ანალიტიკოსების დაკვირვებით მონაცემები ჩინეთის ეკონომიკის მნიშვნელოვნად შესუსტებაზე აშკარად მიუთითებს, რაც დიდი სავაჭრო კომპანიებისა და ეკონომიკური აქტორებისათვის შეშფოთების გამომწვევია, რამდენადაც ჩინეთი წლების განმავლობაში ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად მოიაზრებოდა.

9 აგვისტოს ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინეთში აშშ-ს ახალ ინვესტიციებს აკრძალავს ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა კომპიუტერული ჩიპები და ხელოვნური ინტელექტი. ჩინეთმა, რომელსაც აშშ-ს შემდგომ მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს, თქვა, რომ "სერიოზულად შეშფოთებულია" ბრძანებით და იტოვებს უფლებას მიიღოს ზომები.

კომენტარები