არასრულწლოვანების კრიმინალი

აშშ-ში 87 წლის ქალი სახლში შეპარულ მოზარდს შეებრძოლა და შემდეგ საკვებით გაუმასპინძლდა

აშშ-ს მეინის შტატში მცხოვრები 87 წლის მარჯორი პერკინსი სახლში შეჭრილ პირს ფიზიკურად შეეწინააღმდეგა, ოთახში ჩაკეტა, შემდეგ კი საკვებით გაუმასპინძლდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს. შუაღამეს გამოღვიძებულმა ქალმა სახლში შეპარული 17 წლის ბიჭი დაინახა. პერკინსის მონაყოლის თანახმად, ბიჭის მიერ გაჟღერეულ აგრესიული მუქარის საპასუხოდ მან გაიფიქრა, "თუ ის დაჭრას დამიპირებს, მე დავარტყამ".

გამოცემის ცნობით, ბიჭს ხანდაზმული ქალი ფიზიკურად შეეწინააღმდეგა. პერკინსი ხის სკამს როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის საშუალებად იყენებდა. საბოლოოდ, ქალმა მოახერხა ბიჭის დაღლა, რომელმაც მას თავი დაანება და ჩამოსცილდა. 

სხვა ოთახში გასული ბიჭს პერკინსმა კარი ჩაუკეტა. "შენ უნდა გამოხვიდე, დახმარება გჭირდება" - უთხრა ბიჭს პერკინსმა. ბიჭისაგან პასუხად კი მიიღო, რომ "ის საშინლად მშიერი იყო და დიდი ხანია არაფერი უჭამია". ქალმა ბიჭს არაქისის კარაქის ქილა, თაფლიანი კრეკერები, ორი მანდარინი და ორი ბოთლი პროტეინის სასმელი მიაწოდა. ჭამის პროცესში ქალმა მოახერხა და 911-ს დაკავშირებოდა. 

ბიჭმა სახლი პოლიციის ადგილზე მოსვლამდე დატოვა. მაგრამ ოფიცრებმა მას რამდენიმე კვარტლის მოშორებით ძაღლის დახმარებით მიაგნეს, დააკავეს და ახალგაზრდების დაკავების ცენტრში ქურდობის, კრიმინალური მუქარისა და თავდასხმის ბრალდებით გადაიყვანეს.

კომენტარები