საქართველოს პროკურატურა

მზიურთან, ოფისში მამაკაცის დაჭრისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა თბილისში, მზიურის პარკთან, ერთ-ერთ ოფისში დაჭრილ პირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურა აღნიშნულ პიროვნებას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას ედავება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანის ოფისში, ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნესსაქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონთ დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

კომენტარები