საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვის შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს. პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან ვეტო არ გამოიყენა, ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, რომ ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.
"სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას". – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტის შეფასებით, საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების მიღებით მიღებით საქართველოს კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.
"ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე". – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
3 ივლისს საქართველოს პარლამენტმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებს ხმა 73-მა დეპუტატმა მისცა. ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის მიზნით შეუძლიათ შექმნან კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. ამასთან, მუხლით განისაზღვრა ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობის დაშვება.
კოლექტიური მართვის ორგანიზაციას შესაბიმისი საქმიანობისთვის სჭირდება აკრედიტაცია, რომელსაც გასცემს სპეციალურად შექმნილი აკრედიტაციის კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთვარობისა და პარლამენტის წარმომადენლები, ასევე, საქპატენტის თავმჯდომარე.
პარლამენტმა 3 ივლისსვე მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებებს. პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები ეზრდება. მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვისა და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.