ინდოეთში დიდი ოცეულის სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის პროცესი და დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესი იყო.
G20-ის სამიტი 9-10 სექტემბერს ნიუ დელიში გაიმართება.
ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების ორდღიანმა შეხვედრებმა უკრაინის საკითხზე უთანხმოების გამო საბოლოო კომუნიკეს გარეშე ჩაიარა.
ინდოეთის წარმომადგენლების საბოლოო მიმოხილვაში წერია, რომ ჩინეთმა და რუსეთმა გააპროტესტეს G20-ის ინდონეზიის სამიტზე მიღებული კომუნიკე უკრაინის ომის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ომმა გამოიწვია “ადამიანთა უდიდესი ტანჯვა” და კონფლიქტი “ამწვავებს გლობალური ეკონომიკის არსებულ გამოწვევებს”.
ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ნირმალა სითარმანმა თქვა, რომ შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფომ დაგმო რუსეთის გასვლა ხორბლის შეთანხმებიდან.
შეხვედრაზე ინდოეთმა დააინიცირა საკითხი განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დახმარების შესახებ. შეთავაზებული პროექტი მოიცავდა სესხების რესტრუქტურიზაციას მრავალმხრივი განვითარების ბანკების დახმარებით. თავის მხრივ, ჩინეთი, რომელიც აზიისა და აფრიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის ძირითადი მსესხებელია, უარს ამბობს აღნიშნული სესხების რესტრუქტურიზაციასა და ერთ დიდ სესხში გაერთიანებაზე.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა აჯაი ბანგამ თქვა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის მზარდი დაყოფა ზრდის განვითარებად სამყაროში სიღარიბის რისკებს. ასევე, ის შიშობს, რომ პროგრესის ნაკლებობა გლობალური ეკონომიკის გახლეჩვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდება.
“საკითხი, რაც არ მასვენებს, არის უნდობლობა, რომ გლობალური ჩრდილოეთი და გლობალური სამხრეთი ჩუმად იხლიჩება, მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება გაერთიანება” - თქვა ბანგამ.