რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: სი ძინფინგმა პუტინი პირადად გააფრთხილა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოეყენებინა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი ჩინეთის ლიდერის მოსკოვში სახელმწიფო ვიზიტის პატივსაცემად კრემლში გამართულ მიღებას ტოვებენ. 2023 წლის 21 მარტი
Grigory Sysoev/Kremlin/Sputnik via Reuters

როგორც Financial Times-ი ჩინელ და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, სი ძინფინგმა ვლადიმირ პუტინი პირადად გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღი უკრაინაში არ გამოეყენებინა, რაც პეკინის მიერ მოსკოვის მდუმარე მხარდაჭერის მიუხედავად რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის შეშფოთებას უსვამს ხაზს.

გამოცემის ცნობით, სიმ პუტინი 2023 წლის მარტში მოსკოვში გამართული სახელმწიფო ვიზიტის დროს გააფრთხილა. მას შემდეგ კი ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი ძალისხმევით შეძლეს რუსეთის პრეზიდენტი დაერწმუნებინათ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმებზე უარის თქმაში.

გამოცემის ცნობით, მარტში სი ძინფინგის ვიზიტის შემდეგ პუტინი იმედგაცრუებული დარჩა, რამდენადაც გამართულ მოლაპარაკებებს არანაირი ხელშესახები შედეგი რუსეთისთვის არ მოუტანია: სის გაფრთხილებასთან ერთად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ალტერნატიულ ციმბირის ძალა 2 მილსადენზე შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც FT-ს ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთმა მრჩეველმა უთხრა, პუტინის დაყოლიება ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაზე ევროპასთან ურთიერთობის აღდგენის ძალისხმევის ფარგლებში ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება იყო.

ჩინეთი საჯარო განცხადებებში ბირთვული იარაღის გამოყენებას მუდმივად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა დასავლეთის ქვეყნები პეკინის ამ რიტორიკას რუსეთთან სის მთავრობის "ულიმიტო" პარტნიორობისა და მოსკოვის ინტერესებთან ახლოს მდგომი "სამშვიდობო გეგმის" გამო მუდმივად ეჭვის თვალით უყურებდნენ. ახლა, სის გაფრთხილების შემდეგ კი უკრაინის დასავლელი პარტნიორები ჩინეთის მცდელობებს პუტინის გეგმების შეჩერებასთან დაკავშირებით მეტი სანდოობით შეხედავენ.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული ჩინეთზე, რომელიც აგრესორ ქვეყანას ეკონომიკური სანქციების გამკლავებაში ეხმარება. 2022 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ რეკორდული $190 მილიარდი შეადგინა. პეკინმა გაზარდა რუსული ენერგორესურსების შესყიდვები და დაიწყო მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების, მათ შორის მიკროჩიპების მიწოდება. შესაბამისად, სის გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში, პუტინს უკიდურესად დამაზიანებელი შედეგები ელოდება.

პეკინის ჟენმინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის, ში ინჰონგის თქმით, რუსეთს ატომური იარაღის გამოყენებისთვის ჩინეთის მხარდაჭერა არასდროს ექნება და თუ მოსკოვი იარაღს მაინც გამოიყენებს, ჩინეთი რუსეთისგან კიდევ უფრო დისტანცირდება.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა NATO-ს სამი ბირთვული ძალაც: აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი.

კრემლთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით FT წერს, რომ პუტინმა შესაძლო შედეგების გათვალისწინებით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არაგონივრულად მიიჩნია.

თუმცა გასულ თვეში, უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებასთან ერთად რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ პუტინის შეკავება ბირთვული იარაღის გამოყენებისგან შესაძლოა ჩინეთის გაფრთხილებამაც ვერ შეძლოს.

კომენტარები