ინფლაცია საქართველოში

საქსტატი: გასულ თვეში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა, წლიური ინფლაცია 0.6%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6% შეადგინა.

საქსტატის მტკიცებით, გასულ თვეში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 3.2%-ით შემცირდა, აქედან ყველაზე მეტად ფასმა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე დაიკლო (-19.1%). საქსტატი ირწმუნება, რომ ამ კატეგორიაში ფასები გაიზარდა მხოლოდ თევზეულზე (3.3%-ით).

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე მაისის თვესთან შედარებით ფასი 1%-ით გაიზარდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 0.8%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 1.5%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 1.5%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 0.4%-ით, ჯანდაცვა 0.3%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 0.7%-ით შემცირდა, ხოლო განათლების ფასი იგივე დარჩა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, წინა წელთან შედარებით სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელზე ფასი არ შეცვლილა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 7.4%-ით გაიზარდა. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 4.5%-ით გაძვირდა, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 5.5%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები კი, 10.2%-ით. განათლებაზე ფასებმა 6.8%-ით მოიმატა, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 0.4%-ით.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.7%-ით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%), პირადი ჰიგიენა (10.7%), სხვა სახის მომსახურება (91%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 11.6%-ით რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9%);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასებმა 6.9%-ით დაიკლო, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.6%.

კომენტარები