NATO-შვედეთი

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე კენჭისყრას მხარი არ დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე კენჭისყრის მომდევნო კვირას გამართვას. ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური დემოკრატიული კოალიციის (DK) დეპუტატებმა ისაუბრეს.

კომიტეტის დასრულების შემდეგ, DK-ს დეპუტატმა, აგნეს ვადაიმ Reuters-თან თქვა, რომ მმართველი Fidesz-ისა და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს კენჭისყრის მომავალ კვირას გამართვას. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია მომდევნო კვირას კვლავ დააყენებს კენჭისყრის ჩატარების საკითხს. 

ვადაის თქმით, მმართველი პარტიის მიერ საკითხის რატიფიცირება დამოკიდებული თურქეთის პოზიციაზე.

"პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ტანდემში მოქმედებს ერდოღანთან... იგნორირებას უკეთებს უნგრეთის სუვერენიტეტსა და ანგრევს NATO-ს ერთიანობას. არსებული ვითარებიდან ჩანს, რომ რატიფიცირება NATO-ს სამიტამდე არ მოხდება". – ამბობს ვადაი. 

შვედეთისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ალიანსის მომავალ სამიტზე განიხილება, რომელიც 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თუ შვედეთს უნდა, რომ თურქეთმა მხარი დაუჭიროს მის NATO-ში გაწევრიანებას, მაშინ მან უნდა შეაჩეროს ანტითურქული აქციები საკუთარ დედაქალაში.

"შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ შემდეგ თვეში გასამართ ალიანსის სამიტზე თურქეთი შეიცვლის დამოკიდებულებას NATO-ში მის გაწევრიანებაზე, თუ შვედეთი არ შეაჩერებს ანტითურქულ აქციებს სტოკჰოლმში". – თქვა ერდოღანმა. 

კომენტარები