კრიმინალი

დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

კახეთში დედის მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას - 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს შსს.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები