დაღუპული მიგრანტები

ხმელთაშუა ზღვაში გემის ამობრუნების შედეგად 300-ზე მეტი პაკისტანელი დაიღუპა

Hellenic Coast Guard

14 ივნისს საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტებით გადატვირთული სათევზაო გემის ამობრუნების შედეგად პაკისტანის 300-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაცია დაღუპული ადამიანების რაოდენობის შესახებ პაკისტანის სენატის თავმჯდომარემ, მუჰამად სადიქ სანჯრანმა 18 ივნისს გაავრცელა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა 19 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

პაკისტანი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. იმ პაკისტანელების რაოდენობა, რომლებიც უკეთესი მომავლის საძიებლად ევროპისკენ მიმავალ სახიფათო გზებს გადიან თანდათან იზრდება.

საბერძნეთის ხელისუფლებას ლიბიის ქალაქ ტობრუკიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტებით გადატვირთული გემის ქვეყნის საზღვრებთან ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დაუსახელებია. ინციდენტი შესაძლოა ხმელთაშუა ზღვის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად იქცეს. გემზე დაახლოებით 750 კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდა.

კომენტარები