ლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

მდინარაძე ჩანაწერზე: ფეიკიც რომ არ იყოს, მეც ცუდად ვაფასებ ფსევდოგაბრაზების ავტორებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ჩანაწერს ეხმაურება. მდინარაძის სიტყვებით, მასალა "ფეიკია", თუმცა, რომ არ იყოს, თავადაც ცუდად აფასებს იმ ადამიანებს, ვინც "ფსევდოგაბრაზებების ავტორები არიან".

"როგორც კი ფეიკს გაგივრცელებენ, დაგიმონტაჟებენ, უნდა გადადგეს - თქვენი ნარატივი ესაა და მე წამოგყვებით, ვიხუმრებ ამაზე. ფეიკი თუ გაგივრცელეს, გადასადგომია კაცი, აბა რა... თვითონ თქვა, რომ ფეიკია.  

აბაშიძეს მე ნამდვილად ვენდობი და მჯერა რაც თქვა, რომ მართალია. ისეთი ადამიანია და ისეთი რაღაცები არის მოცემულობა, რომ არნდობის საფუძველი არ მაქვს. თავად თქვა, სხვათა შორის, წინა შემთხვევაში რაღაც უხერხულობები, შეიძლება, იქაც იყო, იქ არ უარყვია იმ კაცს და თქვა, რომ ეს მართალია, ასე იყო. ამ შემთხვევაში თქვა, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ შინაარსი არის გადამონტაჟებული, 2 თუ 3 წლის წინანდელი საუბარია, დაამონტაჟეს და არის დაფეიკებული, შინაარსი არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც ჩვენ მაშინ ვილაპარაკეთო.  

სულ რომ ისე იყოს, იქ რაღაც საუბრები არის, როგორც მე ვიცი, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას აფასებს ცუდად, ხომ? მეც ცუდად ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ფსევდოგაბრაზებების ავტორები არიან". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მდინარაძის მტკიცებით, ქართულ ოცნებას ბოდიში არავისთვის შეუთვლია და ზურაბ აბაშიძე ამას თავისი ინციატივით ვერ გააკეთებდა. 

"ეს ფსევდოლიბერალური ფრთის მიმართ დამოკიდებულება თუ ასეთი იყო, სულ არ გამიკვირდება, გიდასტურებთ, დაფეიკებულია თუ არა, რომც არ იყოს. ზოგადად, ერთ რამეს გეტყვით - ამ ძალით გაბრაზებულ ხალხზე რომ გითხრათ, რატომ ხდება ეს ყველაფერი, იცით? ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის - გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და ე.წ. სვეცკებად. ეს არის და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის თავი და ბოლო მათი ქცევის, მავნებლობა და ქვეყნის მტრობა კიდევ მეორე მიზანია". - ამბობს მდინარაძე.  

გუშინ, 14 ივნისს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, მარკ ზილბერკვიტთან საუბრისას ადამიანებს, ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, ნაცისტებს უწოდებს. 

"საშინელი ისტორიაა. არ შემიძლია ტელეფონით გადმოგცე, თუ რა განვიცადე პირადად მე იმ ღამეს, რა განიცადეს ჩემმა ახლობლებმა იმ საათებში. არ ვიცი დღეს ნახე თუ არა – პრემიერმინისტრმა ისაუბრა ამაზე, იყო გამოსვლები პარლამენტშიც, მინისტრებმაც ისაუბრეს. ეს არის ნამდვილი ნაცისტების ჯგუფი. [...] კვერცხებს ისროდნენ, ეს ბარბაროსობაა. ეს არის რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფი, რომლებსაც სააკაშვილი მართავს. ესენი არიან ის ზონდერები, რომლებიც ასე უკვე მეორედ თუ მესამედ იქცევიან". - ამბობს ზურა აბაშიძე ჩანაწერში.

მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ ინტერპრესნიუსთან დაადასტურა, რომ 2 წლის წინ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაგრამ ჩანაწერზე თქვა რომ "შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია". 

კომენტარები