ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების დროა – EU-ს მინისტრები

Reuters

გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი წერილით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილების აბსოლუტური უმრავლესობით მიღების ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით მიღების ინიციატივით გამოდიან.

არსებული წესდებით, ევროკავშირში ძირითადი გადაწყვეტილებები, მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების სფეროში, აბსოლუტური უმრავლესობით მიიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ინიციატივას 27 წევრი სახელმწიფოდან მხარს ერთი მაინც არ უჭერს, იგი დამტკიცებულად არ ითვლება.

ევროკავშირის 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ბლოკს ახლა სწრაფი და მტკიცე ქმედებები ყველაზე მეტად სჭირდება, თუმცა საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური უმრავლესობის წესი კავშირის მოქმედებებს ანელებს, მაგალითად კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტის დამტკიცების რთული პროცესი მოჰყავთ.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ კვალიფიციური უმრავლესობის წესით (QMV) გადაწყვეტილების მიღების უფრო ხშირად გამოყენებას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორც ეს ამჟამად გათვალისწინებულია ევროკავშირის წესდებაში (TEU).

ჩვენ გვსურს, გადავაბიჯოთ ძველ გამყოფ ხაზებს მათ შორის, ვინც მხარს უჭერს უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებას და მათ შორის, ვინც ამას ეწინააღმდეგება. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ წესდების ცვლილებას და არ ვიწყებთ აკადემიურ დებატებს. რასაც ჩვენ ამჟამად გთავაზობთ, არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე და იყენებს ევროკავშირის წესდებაში უკვე არსებულ დებულებებს". – ნათქვამია მინისტრების წერილში.

მინისტრები ბლოკის წევრებს პირველ რიგში კონსტრუქციული თავშეკავების უფრო ხშირად გამოყენებას სთავაზობენ, რაც არ ნიშნავს კონკრეტული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, თუმცა არც მის მიღებას უშლის ხელს.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს სთავაზობენ, თუ მაგალითად საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნაზე, შემდეგში მისიის მოქმედების ოპერატიული გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით იქნას მიღებული. მინისტრები მიიჩნევენ, რომ ეს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს საგრძნობლად ააჩქარებს.

მინისტრები წერენ, რომ იზიარებენ ინიციატივის შესახებ პოტენციურ შეშფოთებას, თუმცა ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკითხების შესახებ კონსტრუქციული კომპრომისები გამოინახოს.

"ცხადია, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ საგანგებო მუხრუჭი, რომელიც გათვალისწინებულია წესდების 31(2)-ე მუხლით ეროვნული პოლიტიკისთვის სასიცოცხლო და გაცხადებული მიზეზების გამო". – ნათქვამია მინისტრების წერილში.


კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა (QMV) არის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის საბჭოში, რათა გადაწყვეტილებები აბსოლუტური მხარდაჭერის გარეშე მიიღონ. ევროკავშირის წესდებაში არსებობს კვალიფიციური უმრავლესობის ორი ფორმა: სტანდარტული და გაძლიერებული. სტანდარტულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება წვერი ქვეყნების მინიმუმ 55%-იანი მხარდაჭერით, რაც 27-დან 15 წევრს და ამასთანავე ევროკავშირის მოქალაქეების 65%-ს ნიშნავს, ხოლო გაძლიერებულის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებას წევრების 72%-ის მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები