ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი დეკანოიძეზე: რაც ენმ-დან წავიდა, ქოცების, POSTV-სა და იმედის რიტორიკით ალაპარაკდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის ყოფილი წევრი, ხატია დეკანოიძე ენმ-ის დატოვების შემდეგ, ქართული ოცნების, POSTV-სა და TV იმედის რიტორიკით ალაპარაკდა. 

"იცით, მე რაზე ვწუხვარ, ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობიდან რომ გავიდა, რიტორიკა შეცვალა და ზუსტად იმ რიტორიკით ალაპარაკდა, როგორც ქოცები, ირაკლი კობახიძე, POSTV და TV იმედი ლაპარაკობენ [...] ის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა შეიყვანეს და ჰკითხეთ აბა იმ ხალხს, მოსწონთ ხატია დეკანოიძისა და ვიღაცების რიტორიკა? ეგრე არ არის [...] შენი გუნდის ლანძღვა არ შეიძლება". - თქვა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.

ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ 2024 წლის არჩევნების მოგების გასაღები არა ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ, ენმ-ის გარეთ სხვადასხვა ძალის კონსოლიდაციაშია. დეკანოიძე ამბობს, რომ ენმ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს და თავისი ამომრჩევლების კონსოლიდაცია მოახდინოს. დეკანოიძის განცხადებით, არ­სე­ბობს “ივა­ნიშ­ვი­ლის ქვა­ბი“, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბით ხარ­შავს და მთე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანება და ამ ქვაბში ჩაყ­რა გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა არ იქ­ნე­ბა.

ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამარცხების მთავარი გასაღები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს, რადგან, მისივე განცხადებით, ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ ენმ-ს აქვს. ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციას აუცილებლად მოუწევს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ, სხვადასხვა მიმართულებით საერთო ფრონტის ხაზი ჰქონდეს.

 

კომენტარები