აშშ-თურქეთი

აშშ თურქულ ავიაკომპანიას Boeing 737 MAX-ით რუსეთში ფრენას უკრძალავს – რუსული მედია

TASS/Sergey Bobylev

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს რუსეთში ამერიკული Boeing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალა. 

Izvestia რუსი გადამზიდავების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები Southwind-ს სანქციებით დაემუქრა.

მიუხედავად აშშ-ს მხრიდან დაწესებული აღნიშნული შეზღუდვებისა, Southwind-ის თვითმფრინავები არ არის სანქციების უახლეს სიაში, რომელიც აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ 3 მარტს გამოაქვეყნა.

Southwind Airlines-ის ფლოტში არის სამი Boeing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავი. ორივე ეკუთვნის ამერიკელ მეიჯარეს – Air Lease Corporation-ს. ამასთან, თვითმფრინავები კვირაში 10-12 ფრენას ასრულებდნენ უფას, სამარას, ნოვოსიბირსკის, ორენბურგის, კალინინგრადისა და ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს რუსეთის საავიაციო ინდუსტრიას. სანქციების ფარგლებში რუსული თვითმფრინავების საზღვარგარეთ ფრენა და მათი მომსახურება იკრძალება. 

2022 წლის 2 მარტს მსოფლიოში უმსხვილესმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა და Airbus-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს უკრაინაში შეჭრის გამო. მათ შეაჩერეს რუსეთში სათადარიგო ნაწილების გაგზავნა და რუსეთის ფედერაციის ავიახაზების ტექნიკური მხარდაჭერა.

მოგვიანებით, ევროპაში რუსეთის ფედერაციის ყველა ავიაკომპანიას შეუჩერდა სერტიფიკატების მოქმედება, რომელიც ფრენების შესრულების აუცილებელი მოთხოვნაა. 

კომენტარები