რუსი მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემა კონფლიქტში NATO-ს ჩართულობის საკითხს დააყენებს.
"ჯერჯერობით, ვაშინგტონი სხვისი ხელით გვებრძვის - პროქსი ომით. უკრაინაში F-16-ის ექსპლუატაციის ინფრასტრუქტურა არ მოიპოვება, ისევე, როგორც პილოტების საკმარისი რაოდენობა და ტექნიკური პერსონალი.
რა მოხდება, თუ ამერიკელი მებრძოლები NATO-ს აეროდრომებიდან აფრინდებიან, რომლებსაც უცხოელი "მოხალისეები" აკონტროლებენ?". - აღნიშნავს აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი
ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ამერიკული თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა "აბსოლუტურად უაზრო და სულელური" ნაბიჯია.
ახლო მომავალში უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან შესაძლოა ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღოს. შესაბამისი გეგმების შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება. ამაზე მიუთითებს დასავლელი ლიდერების კომენტარებიც.
21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.
აქამდე, კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.
თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ მომდევნო თვეში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით მიაწოდონ უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.
პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".
კიევი F-16-ებს უკვე რამდენიმე თვეა რაც ითხოვს.





