ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 ადამიანი დავაკავეთ, მათგან 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 ადამიანი დააკავეს, მათგან 37 ნარკორეალიზატორია. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. 

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა". - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, ჰეროინი, სუბუტექსი, ჰაშიში, მდმა ალფა-პვპ, სუბოქსინი ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, მეტამფეტამინი, მეტადონი, ტრამადოლი, მეფედრონი, ამფეტამინი, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი. ასევე, ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები