რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელმა EPF-ისთვის დამატებით $3.85 მლრდ-ის გამოყოფის ინიციატივა წარადგინა

ჯოზეფ ბორელი
Reuters

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფონდისთვის, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას აფინანსებს, დამატებით $3.85 მლრდ-ის გამოყოფის ინიციატივა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ბორელის ინიციატივის დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისგან თანხმობის მიღება იქნება საჭირო. 

2021 წელს დაფუძნებული ევროპის სამშვიდობო ფონდი (EPF) ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას ემსახურება. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ არსებულ რესურსებს უკრაინის დასახმარებლადაც გამოიყენებდნენ. 

ევროკავშირის ბიუჯეტისგან განსხვავებით, რომელიც სამხედრო ოპერაციების დაფინანსების მიზნით არ გამოიყენება, არსებული ფონდი სწორედ ამ მისიას ისახავს მიზნად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. 

მიმდინარე ომმა ფონდის ხარჯები იმაზე გაცილებით მეტად გაზარდა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო გათვლილი. პირვანდელი ანგარიშით 2027 წლამდე ფონდისთვის €5 მლრდ იყო გამოყოფილი. ლიმიტი გასულ დეკემბერს €2 მლრდ-ით გაიზარდა. 

ამ დრომდე ევროპის სამშვიდობო ფონდმა უკრაინას €4.6 მლრდ-ის ღირებულების დახმარება გაუწია. 

კომენტარები