სუს

სუს: ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დავაკავეთ

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები დააკავეს. ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება". - წერია განცხადებაში. 

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში კონტრტერორისტულმა ცენტრმა მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია პარტნიორ ქვეყნებს გაუზიარა. 

"აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

კომენტარები