აშშ-ჩინეთი

ჩინეთში აშშ-ს მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

Phili Pacheco / AFP

15 მაისს, ჯაშუშობის ბრალდებით შეერთებული შტატების მოქალაქეს და ჰონგ კონგის მუდმივ რეზიდენტს, 78 წლის ჯონ შინგ-ვან ლიანგს ჩინეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.

შუალედური ინსტანციის სასამართლოს მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად, ლიანგი 2021 წლის 15 აპრილს, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუჭოუში ქვეყნის კონტრდაზვერვის სააგენტოს ადგილობრივმა ბიურომ დააკავა. მისი დაკავება COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ჩინეთის მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს მოჰყვა.

ლიანგის საქმის მსგავსი გამოძიებები და სასამართლოები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მხოლოდ ინფილტრაციის, საიდუმლოებების შეგროვებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შესახებ ბუნდოვანი ბრალდებები ვრცელდება. ჯაშუშობასთან დაკავშირებული საქმეები მაღალი მიკერძოებულობით გამოირჩევა და ბრალდებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები პირადი კავშირების, ქსელებისა და ინფორმაციაზე წვდომის დასაცავად, როგორც წესი, საჯაროდ არ ქვეყნდება.

პეკინში აშშ-ს საელჩოს თქმით, მიმდინარე პროცესების საქმის კურსში არიან, თუმცა კონფიდენციალურობის გამო დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

"სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ს საზღვრებს გარეთ საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და უსაფრთხოებაზე დიდი პრიორიტეტი არ აქვს". - ამბობენ საელჩოში.

შეერთებული შტატების მოქალაქის განაჩენი დროში ემთხვევა იაპონიაში კუნძულ ჰიროშიმაზე გასამართ დიდი შვიდეულის სამიტს, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც უნდა დაესწროს.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში სამიტის დასრულების შემდეგ, ბაიდენი პაპუა-ახალ გვინეას ისტორიული ვიზიტით ეწვევა. წყნარ ოკეანეში მდებარე ეს სახელმწიფო ჩინეთის ინტერესის სფეროს იმ არეალშია სადაც პეკინი საკუთარი ეკონომიკური, სამხედრო და დიპლომატიური ზეგავლენის გაზრდას ცდილობს.

ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ადამიანის უფლებების და ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მზარდი აგრესიული ტერიტორიული პრეტენზიების გამო ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ დონეზეა.

კომენტარები