აშშ-ჩინეთი

კომუნიკაციის აღდგენის მიზნით, ვენაში ამერიკელი და ჩინელი მაღალჩინოსნების შეხვედრა გაიმართა

11 მაისს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ვენაში ჩინეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა, რომელიც ამჟამად ჩინეთის საგარეო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. როგორც თეთრი სახლი იუწყება, მხარეები გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრისთვის შეხვდნენ. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს საჰაერო სივრცეში ჩინური საჰაერო ბუშტები გამოჩნდა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პეკინში ვიზიტი გადადო, ეს აშშ-სა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრაა. 

"ეს შეხვედრა კომუნიკაციის შენარჩუნების კიდევ ერთი მცდელობაა. ორ მხარეს შორის გულწრფელი, არსებითი და კონსტრუქციული საუბარი შედგა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა, საერთაშორისო და რეგიონული თავდაცვის გამოწვევები, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და ტაივანის სრუტესთან დაკავშირებული საკითხები". - ნათქვამია შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მოხსენებაში. 

შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა და ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"ვფიქრობ, ორივე მხარემ გააცნობიერა, რომ ამ სამწუხარო ინციდენტის გამო ურთიერთობა დროებით გაწყდა. ახლა ამის გადალახვასა და კომუნიკაციის სტანდარტული, ნორმალური არხების აღდგენას ვცდილობთ". - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მედიასთან. 


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ კანგმა პეკინში აშშ-ს ელჩთან, ნიკოლას ბარნსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასტაბილურება აუცილებელია. მისივე თქმით, აშშ-მ ტაივანის საკითხთან დაკავშირებით მიდგომა უნდა გამოასწოროს და პატივისცემით მოეკიდოს ჩინეთის პოლიტიკას.  

"უმთავრესი პრიორიტეტი ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის სტაბილიზაციაა. თავიდან უნდა ავირიდოთ ნებისმიერი ინციდენტი, არ უნდა მოხდეს სპირალის პრინციპით ესკალაცია. აშშ-ს მხრიდან ცილისმწამებლურმა სიტყვებმა და ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ძნელად მოპოვებულ პოზიტიურ დამოკიდებულებას, დიალოგისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კვლავ გაცივდა". - თქვა ცინ კანგმა. 

ასევე, გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Washington Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენა მნიშვნელოვანია. 


4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

ბლინკენმა აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან დაახასიათა, როგორც "კონკურენტული" და, ამასთანავე, "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა, ამავდროულად, რთული", და აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს დიდი ინტერესი, იმართოს ურთიერთობები პასუხისმგებლობით, რათა კონკურენცია კონფლიქტში ან ცივ ომში არ გადაიზარდოს. 

კომენტარები