აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მისი პრეზიდენტობისას ის ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებოდა და ამ ომს "არანაკლებ 24 საათში" დაასრულებდა. თუმცა, მისი თქმით, ჯერ ადრეა პუტინის ომის დამნაშავედ გამოცხადება. ეს უკანასკნელი, მისი განმარტებით, ხელს შეუშლის ომის მოლაპარაკებებით დასრულებას.
"თუ თქვენ პუტინს უწოდებთ ომის დამნაშავეს, გაცილებით რთული იქნება ომის დასრულებისთვის შეთანხმების მიღწევა. თუ უწოდებთ ომის დამნაშავეს, ხალხი მას აიტაცებს და დასჯას მოითხოვს, ამიტომ ის უფრო ძლიერად დაიწყებს ბრძოლას". - ამბობს პრეზიდენტი.
ტრამპმა პუტინს "ჭკვიანი კაცი" უწოდა, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის ლიდერმა "უზარმაზარი შეცდომა დაუშვა".
"რა თქმა უნდა, ის ჭკვიანია. მათ უნდათ, რომ ვთქვათ, რომ ის სულელი ადამიანი. ის სულელი ადამიანი არ არის და ძალიან ცბიერია. თუმცა, ჩემი აზრით, პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა". - თქვა ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკელთა პრაიმერში პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის.
17 მარტს უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში".
მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.
ტრამპი არ ასახელებს - ვინ უნდა გაიმარჯვოს უკრაინაში მიმდინარე ომში. "ყველამ უნდა შეწყვიტოს სიკვდილი". - აღნიშნავს ტრამპი ნიუ-ჰემფშირში ამომრჩეველთა შეხვედრისას.
"მინდა ყველამ შეწყვიტოს სიკვდილი. ისინი იხოცებიან - რუსებიც და უკრაინელებიც. მე მინდა, ეს შეწყდეს - ამას 24 საათში შევძლებდი". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა, მოდერატორის დამატებითი კითხვების მიუხედავად, არ დააზუსტა, რომ სურს, უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი. მან განმარტა, რომ ომს "გამარჯვებისა და წაგების" კონტექსტში არ ხედავს.
რაც შეეხება უკრაინისთვის აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიწოდებას, ტრამპი აღნიშნავს, რომ ამერიკა, რომელსაც "თავად არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა, ძალიან ბევრს აძლევს უკრაინას".
"ვიტყვი ამას: მინდა ევროპამ მეტი ფული დახარჯოს". - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.
ომის დაწყებიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 36.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო.