სლოვაკეთი

სლოვაკეთის პრეზიდენტი ექსპერტების დროებითი მთავრობის ლიდერად ბანკირ ლუდოვიტ ოდორს ნიშნავს

ზუზანა ჩაპუტოვა
AP Photo

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ თქვა, რომ "ექსპერტთა მთავრობას" ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორის მოადგილე, ლუდოვიტ ოდორი გაუძღვება, მას შემდეგ, რაც დროებითმა პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა 7 მაისს თანამდებობა დატოვა.

ჰეგერის მმართველი კოალიციის დასუსტების შემდეგ, სლოვაკეთში პოლიტიკური გაურკვევლობა უკვე რამდენიმე თვეა რაც გრძელდება.

ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ ოდორის დროებითი მთავრობის დანარჩენ წარმომადგენლებს 15 მაისის შემდეგ დაასახელებს. ახალი დროებითი მთავრობის წარმომადგენლები 30 სექტემბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

ოდორი სლოვაკეთის ეროვნული ბანკის უფროსის მოადგილე 2018 წლიდან არის. 

ჰეგერის ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიცია კრიზისში მას შემდეგ ჩავარდა, რაც SaS-ის ლიბერტარიანული პარტიის მიერ მათი რიგების დატოვების შედეგად მათ უმრავლესობა დაკარგეს. ჰეგერმა დეკემბერში ვერ შეძლო უნდობლობის გამოცხადების დაძლევა და დეპუტატები სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე შეთანხმდნენ.

გასულ დღეებში სლოვაკეთის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის საკუთარ მფლობელობაში მყოფ კომპანიას სუბსიდირებას უწევდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. 5 მაისს პოსტი დატოვა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

თანამდებობებიდან მინისტრების გადადგომის შემდეგ, ჰეგერს მოუწია, რომ რამდენიმე სამინისტროს გაძღოლოდა, მათ შორის ფინანსთა უწყებას, რადგან პოსტებზე ახალი წარმომადგენლები მანამ ვერ დაინიშნებიან, სანამ მმართველობა დროებით მთავრობას აკისრია. ჰეგერთან ერთად, დათხოვილი იქნება მთელი დროებითი მთავრობა.

"მე გადავწყვიტე პრეზიდენტისთვის ძალაუფლებიდან ჩემი გადაყენების თხოვნა და მისთვის სივრცის მიცემა, რომ სცადოს ექსპერტთა მთავრობის შექმნა, რათა დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებამდე სლოვაკეთს მშვიდად და სწორხაზოვნად გაუძღვენ". – თქვა ჰეგერმა.

გამოკითხვათა მიხედვით, ლიდერობს ოპოზიციური პარტია Smer-SD, რომელსაც ყოფილი პრემიერი, რობერტ ფიცო უძღვება. ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგია. Smer-SD სააგენტო Focus-ის გამოკითხვაში გასულ თვეში 17.7%-ით ლიდერობდა.

კომენტარები