სუს

სუს: სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აქტივობები გამოვავლინეთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართულ უწყებებთან ერთად წარმოებული ოპერაციების შედეგად სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აქტივობები გამოავლინეს. სუს-ის ცნობით, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

"კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები. ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები.

მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ”. - წერია განცხადებაში. 

სუს-ის ცნობით, საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებსა და მეზობელ ქვეყნებს გაუზიარეს, მათ შორის, თურქეთს.

უწყების განცხადებით, ცალსახად გამორიცხავენ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე.

"სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ საიმედო პარტნიორად". - წერია განცხადებაში.

კომენტარები