კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, სერგიი პოპკო ამბობს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი ჩამოაგდო.
თავდასხმა Shahed-ის ტიპის ირანული დრონებითა და სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
"წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მონაცემები ზუსტდება". – თქვა პოპკომ.
თავდასხმას კიევში მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა პოპკომ აღნიშნა, რომ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უვნებელყოფილი დრონების ნაწილები ჩამოვარდა.
ზედიზედ მესამე დღეა, რაც რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაში მდებარე ობიექტებზე იერიშები მიაქვს. გასულ ღამეს კიევის გარდა საჰაერო განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის, სუმის, ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და პოლტავის ოლქებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ოდესაში 15-დან 12 დრონი ჩამოაგდეს. ჩამოგდებული დრონების ნაწილებს ეწერათ "მოსკოვისთვის" და "კრემლისთვის". მთლიანობაში რუსეთმა გასული ღამის იერიშების დროს 24 Shahed-ი გამოიყენა, აქედან 18 ჩამოაგდეს.
გასულ დღეს, რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კრემლში ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში ორი დრონით მიიტანა, რასაც მოსკოვი მკვლელობის მცდელობად და "ტერაქტად" განიხილავს.





