მკვლელობა თბილისში

შსს: 22 აპრილს მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი ადამიანი - 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულის გამო ნასამართლევი ზ.ბ. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება. მომხდარზე სულ დაკავებულია 3 პირი.    

შსს-ს ინფორმაციით, 22 აპრილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას 1989 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა ბრალდებულის მიერ ნაქირავებ ბინაში მოხდა. დ.თ. ადგილიდან მიიმალა. 

უწყების ცნობოთვე, მკვლელობას 2 ადამიანი შეესწრო და პოლიციას არ შეატყობინა - ერთ-ერთი მეორე დღეს, 23 აპრილს დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები