კრიმინალი

"ჰპირდებოდა სამუშაო ვიზების მიღებას" – პროკურატურამ 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც სოციალური ქსელითა და სხვა საშუალებებით ადამიანებს უკავშირდებოდა, გამოგონილი სახელებით ეცნობოდა და აშშ-ში გამგზავრებაში, ასევე, ესტონეთისა და ლიტვის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებას ფულის სანაცვლოდ ჰპირდებოდა. 

უწყების ინფორმაციით, პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 

"პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც ყალბი ფეისბუქ-პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა. ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ, დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ წინასწარ მოძიებული კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. სანაცვლოდ კი, ამ უკანასკნელებს ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რომელიც თავისი კონტროლის ქვეშ არსებულ კრიტპო საფულეებზე გადაიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. 

აღნიშნული გზით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათეულობით ათას ლარს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაიწყო. 

კომენტარები