კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქალაქე მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1970 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები