რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: უკრაინამ აშშ-ის თხოვნით მოსკოვზე 24 თებერვალს დაგეგმილი თავდასხმები გადადო

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

Washington Post-ის მიხედვით, უკრაინა 24 თებერვალს რუსეთზე ტერიტორიაზე იერიშის მიტანას გეგმავდა, თუმცა, თავდასხმები კიევმა აშშ-ს თხოვნით გადადო. 

გამოცემა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 24 თებერვლისთვის რუსეთზე მასობრივი თავდასხმების მომზადების განკარგულება გასცა. WP ასევე წერს, რომ უკრაინის მხრიდან შავი ზღვის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში ტროტილის გამოყენებით საზღვაო დარტყმის შესაძლებლობაც განიხილებოდა. 

როგორც Washington Post-ი წერს, ვაშინგტონში უკრაინის გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთებულები იყვნენ, რადგან მათი შეფასებით, უკრაინის მიერ რუსეთზე იერიშის მიტანას, შესაძლოა, კრემლის აგრესიული რეაქცია მოჰყოლოდა. 

გამოცემა წერს, რომ 22 თებერვალს CIA-მ გაავრცელა ახალი საიდუმლო ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახური ვაშინგტონის თხოვნით დათანხმდა, მოსკოვზე თავდასხმა გადაედო. აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, არ არის ახსნილი, კონკრეტულად ვინ შუამავლობდა ამ პროცესს ან რატომ გადაიფიქრეს უკრაინელებმა დაგეგმილი იერიში.

"უკრაინას, რომელსაც საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა სურს, ხანდახან აკავებს აშშ, რომელიც თანმიმდევრულად ცდილობს, აირიდოს კონფლიქტის ესკალაცია, ამერიკული და რუსული ძალების პირდაპირი შეტაკება.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ამერიკული იარაღის გამოყენებით ხდება, უკიდურესად საშიში ოპერაციებია. ისინი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, იმდენად შემაშინებლად მიიჩნიოს, რომ მან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოიყენოს". - აღნიშნულია WP-ის სტატიაში.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკული დაზვერვა, სავარაუდოდ, კირილ ბუდანოვს უთვალთვალებს, რის შესახებაც ინფორმაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ფლობს. 

WP წერს, რომ ბუდანოვის უწყება ასევე აპირებდა, იერიში მალიში კერძო რუსულ სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრებზეც მიეტანა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა თავდასხმას ქურთი მებრძოლების საიდუმლო დახმარებით, სირიაში მყოფ რუს სამხედროებზეც გეგმავდა. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, შეტევა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჩერა. 

სტატიაში ასევე ნათქვამია, ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთის მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს, თუ უკრაინის მიერ მოსკოვზე შესაძლო თავდასხმებს ყურადსაღებოდ მიიჩნევს.

WP აღნიშნავს, რომ აშშ უკრაინას უკრძალავს, ამერიკული იარაღი რუსეთზე იერიშის მიტანისთვის გამოიყენოს.

კომენტარები