რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაზე: რეალურ გეგმებს რუსები ბრძოლის ველზე იხილავენ

Yasin Akgul/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის კონტრშეტევის გეგმასთან დაკავშირებით საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რამდენიც არ უნდა ეცადოს მოსკოვმა კონტრშეტევის ჩაშლა, რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ.

"სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის დაზვერვა იმ დონემდე დაეშვა, რომ სოლსბერის შემთხვევისა და 3-დღიანი გეგმების კრახის ჩამორეცხვას ფოტოშოპითა და ვირტუალურ სივრცეში დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს. მოსკოვს ძალიან უნდა უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა. თუმცა რუსები რეალურ გეგმებს სულ მალე ბრძოლის ველზე იხილავენ". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

New York Times-ის ცნობით, Twitter-სა და Telegram-ზე ვრცელდება დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევისთვის მოსამზადებელ გეგმასთან დაკავშირებით აშშ-სა და NATO-ს საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს

New York Times-თან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტების შინაარსი დიდი ალბათობით შეცვლილია. ეს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყოს, ვინაიდან დოკუმენტში უკრაინის დანაკარგები გადაჭარბებულად არის შეფასებული, ხოლო რუსეთის - პირიქით. 

New York Times-ის ინფორმაციით, დოკუმენტებში აღწერილი არაა  სად, როდის და როგორ აპირებს უკრაინა კონტრშეტევის წარმართვას, თუმცა მათში ბევრი მინიშნებაა სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.

კომენტარები