ავღანეთი-გაერო

თალიბანის ბრძანებით ავღანელ ქალებს გაეროში მუშაობა აეკრძალათ – UN

გაეროს ინფორმაციით, თალიბანის ბრძანებით ავღანელ ქალებს გაეროში მუშაობა აეკრძალათ. მათივე ინფორმაციით, თალიბებმა გადაწყვეტილება სიტყვიერად აცნობეს, თუმცა გაეროში წერილობითი განცხადება ჯერ არ მიუღიათ.

გაერომ თავის ავღანელ თანამშრომლებს უთხრა, რომ 48 საათის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდნენ, სანამ გადაწყვეტილება ნათელი არ გახდება. 

"ეს არის უახლესი შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც ძირს უთხრის დამხმარე ორგანიზაციების უნარს მიაღწიონ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ფუნქციონირება და სიცოცხლის გადარჩენა ქალი პერსონალის გარეშე". - თქვა გაეროს სპიკერმა.

გაერომ თალიბანის ბრძანებას "მიუღებელი და წარმოუდგენელი" უწოდა.

გაერო 23 მილიონი ადამიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე მუშაობს, რომლებიც მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის გამო იტანჯებიან. ქალები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დამხმარე ოპერაციების დროს. 

თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადეს, რომ ისინი მათი პირველი მმართველობის დროს არსებულ მკაცრ კანონებს აღარ დააწესებდნენ, თუმცა თანდათანობით უფრო და უფრო მეტი შეზღუდვა ამოქმედდა, განსაკუთრებით კი ქალებზე.

ავღანეთში ქალებს მე-6 კლასის შემდეგ სკოლაში სიარული ეკრძალებათ, ბევრი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამასთან, თალიბები მოითხოვენ, რომ ქალებმა გარეთ ყოფნისას სახე დაიფარონ. 

კომენტარები