ინფლაცია საქართველოში

ბოსტნეული 28.8%-ით, პური 16.8%-ით, კვერცხი და ყველი 13.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 5.3%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 5.3% შეადგინა.

ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 11.8%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 7.2%-ით. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 11.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 12.4%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 5.7%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 3.5%-ით, ხოლო განათლება 6.6%-ით.

საქსტატის მტკიცებით, გასულ წელთან შედარებით ტრანსპორტი 8%-ით გაიაფდა, ჯანდაცვა - 9.1%-ით.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 28.8%
  • პური და პურპროდუქტები + 16.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 13.6%
  • თევზეული + 10.9%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.4% 
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 10.1%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 8.7%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.7%
  • ზეთი და ცხიმი + 2.7%

საქსტატის მონაცემებით, 2.4%-ით შემცირდა ფასები ხილსა და ყურძენზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91%-ით აისახა.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1%-იანი მატება, რაც 1.15%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 35.1% და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8%).

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8%-ით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9%);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1%-ით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2% და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5%).

კომენტარები