ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დეკანოიძე ენმ-დან წასვლაზე: ეს თანამშრომლობა დასრულდება, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ენმ დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს ალბათ ჩემი და პარტიის ურთიერთობის და მაინც ვფიქრობ, რომ ეს შინაგანი შეუთანხმებლობები რომლებიც მე მაქვს, ბოიკოტიც იყო ერთ-ერთი, ალბათ ეს მომენტი უნდა დადგეს, ძალიან მალე. [...] ეს თანამშრომლობა დასრულდება. მე ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ალბათ ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი. პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი". - თქვა დეკანოიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას, დეკანოიძემ რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მათ შორის, პარლამენტის ბოიკოტის საკითხი. დეკანოიძის თქმით, ოპოზიციამ უცხოელ პარტნიორებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ევროპული ლიგის წევრია.

"თავიდანვე ვთვლიდი, რომ დავუშვით შეცდომა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს არ მოვაწერეთ ხელი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ. [...] უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვიცით, როგორია ქართული ოცნება, ოპოზიციამ დაგვიმტკიცეთ, რომ ხართ ევროპული ლიგის წევრები". - აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძის შეფასებით, ენმ-ში ჩატარებული პოლიტსაბჭოს არჩევნების პროცესი არ იყო გამჭვირვალე და ეს მისთვის მორალურად მძიმე იყო.

"არ ვეთანხმებოდი თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. ის იყო საკრებულოს კარგი თავმჯდომარე, ანტიკორუფციონერი, სხვა ყაიდის პოლიტიკოსი და ახალგაზრდა პოლიტიკოსი. [...] მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საერთაშორისო წნეხის გარეშე შეუძლებელია სააკაშვილის გათავისუფლება. ხაბეიშვილის განცხადება [სააკაშვილის ფიზიკურად დახსნაზე] იყო ძალიან ცუდი მისთვისვე, რადგან ის გახდა ამ განცხადების მძევალი". - თქვა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძეს თქით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ვანო მერაბიშვილი და მისი ჩრდილოვანი გავლენა, რომელიც დეკანოიძის შეფასებით ძველი პარადიგმაა, რომელიც არ იმუშავებს.

"ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. მე არ ვარ ჩართული პარტიის მენეჯმენტში, მაგრამ ჩანს რომ [მერაბიშვილი] ერევა. ვანო მერაბიშვილის განცხადებები, რომელიც შარავანდედივით წამოადგა ამ პარტიას, ეს არის სრულიად ძველი პარადიგმა. ძველი პარადიგმით ეს პარტია ვერ იმოქმედებს. ერეოდა თავმჯდომარის არჩევნებში, რა თქმა უნდა. საწყენი იყო მისი განცხადება უკრაინასთან მიმართებაშიც. [...] ვერ აუკრძალავ ვერავის სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ თუ მერაბიშვილს სურს საჯარო პოლიტიკაში მოსვლა, მაშინ უნდა გაბედოს და მოვიდეს. თუ ეს შორიდან საუბარი არის მისი ჩრდილოვანი გავლენა, ეს არის ძველი პარადიგმა, რაც არ იმუშავებს". - თქვა დეკანოიძემ.

კომენტარები