რეფერენტული ფასები

ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა ონკოლოგიურ წამლებზე ფასი ხელოვნურად გაზარდა – სამინისტრო

NHS

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან "მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება". უწყების ცნობით, ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა ამ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა. 

"აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული. 

წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე, ყოველწლიურად, 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ. სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე, უწყებას, ექნება მკაცრი რეაგირება" - აცხადებს სამინისტრო.


პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები გასულ წელს მიიღო. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დაამტკიცა. 

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუკი ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

ზღვრული ფასების დაწესებიდან ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, "ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა". კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა".

კომენტარები