ახლო აღმოსავლეთი

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი ქვეყანაში მიიწვია

BBC-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა, ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი ქვეყანაში მიიწვია. ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე სულ რაღაც ერთი კვირაა შეთანხმდნენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰაინმა ინტერვიუში თქვა, რომ ორი ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდა, თუმცა ლოკაცია და თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ორივე ქვეყნის განცხადებით, მომდევნო ორ თვეში საელჩოებს გახსნიან და სავაჭრო ურთიერთობებს აღადგენენ.


საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან 2016 წელს გაწყვიტა, როდესაც თეირანში მდებარე მის საელჩოს თავს დაესხნენ, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნისთვის და მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

"სამეზობლო პოლიტიკა, როგორც ირანის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მთავარი აქსისი, სწორი მიმართულებით მიდის და დიპლომატიური აპარატი აქტიურად ემზადება დამატებით რეგიონალური ნაბიჯებისთვის". – წერს ამირაბდოლაჰიანი twitter-ზე. 

აღნიშნულმა შეთანხმებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობაზე, ვინაიდან ირანი და ისრაელი ერთმანეთის მტერი სახელმწიფოები არიან. 

ისრაელსა და საუდის არაბეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, თუმცა გაწყვეტილი კავშირი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საუდის დეფაქტო მმართველმა, ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა, ცნობების მიხედვით, ისრაელი რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვა.

კომენტარები