ფოთის მუნიციპალიტეტი

შფოთი: ფოთის თეატრის მშენებლობაში ₾11 775 000 დაიხარჯა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია

ფოთის ახალგაზრდული საინიციტავიო ჯგუფის შფოთის ინფორმაციით, ფოთის თეატრის მშენებლობაში ჯამში 11 775 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

მათივე ცნობით, იმ კომპანიის ორი მეწილე, რომელიც თეატრს აშენებდა, 2014, 2016 და 2021 წლებში ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის შემომწირველები იყვნენ.

"2014 წლის 31 მაისს ქართული ოცნების მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკა ბესელიამ ფოთის თეატრი საზეიმოდ გახსნეს. ერთ თვეში შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა, შემდეგ ლიფტი ჩავარდა, რამაც თანამშრომლის ჯანმრთელობაც კი დააზიანა, შემდეგ ჭერი ჩამოინგრა. ამ შემთხვევების შემდეგ საზეიმოდ გახსნილი თეატრის შენობა დაიხურა.

მას მერე თეატრის შეკეთება სცადეს. ბოლო ტენდერი 2019 წელს გამოაცხადეს, რომელშიც 774 800 ლარი დაიხარჯა.

წესით, უკვე რეაბილიტირებული თეატრი უნდა გვქონოდა ფოთელებს, მაგრამ რაც შეგვრჩა იმას ხუმრობით ზოგი არაშენდას ვეძახით, ზოგიც შავ ხვრელს, შფოთელებმა კი გრელანდია შევარქვით, ჩვენი საყვარელი ქართული ფილმიდან “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”.

ამბავი მართლაც დაუჯერებელია, თეატრს ვაშენებთ, ვაშენებთ, ვაშენებთ, ჯამში ამ წლების მანძილზე 11 775 000 ლარი დაგვიჯდა ფოთელებს და მაინც ვერ ავაშენეთ.

ასეთი დამთხვევაც აღმოვაჩინეთ - თეატრის მაშენებელი კომპანიის ორი მეწილე 2014-2016-2021 წლებში ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის შემომწირველები იყვნენ". - წერს ორგანიზაცია.

კომენტარები