რუსული კანონი

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს კანონპროექტი – ევროპარლამენტარების განცხადება

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, სპეცრაზმი წყლის ჭავლით არბევს. 2023 წლის 7 მარტი.
AFP/ზურაბ ცერცვაძე

ევროპარლამენტის წევრები, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  

"გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. ამით ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და დასავლელი პარტნიორები მიერ ერთხმად გამოხატული კრიტიკა. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ ნაბიჯის გამო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ამბიციას, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

ახალი კანონის მიხედვით, ფიზიკურ პირები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ვალდებულები იქნებიან, დარეგისტრირდნენ “უცხოურ აგენტად“ იუსტიციის სამინისტროში, თუ ისინი თავიანთი ფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ.

ეჭვს არ იწვევს, რომ ახალი კანონის მიზანი, გამჭვირვალობის ხელშეწყობის საფარქვეშ, არის სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის სტიგმატიზაცია და მუშაობის შეზღუდვა, რომლებიც ისედაც დაძაბულ პირობებში მუშაობენ.

ახალი კანონი, როგორც ჩანს, შთაგონებულია 2012 წელს მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ არაკეთილსინდისიერი რუსული კანონით, რომელმაც რუსეთში გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობა. ეს აშკარად შეუსაბამოა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან - კერძოდ, მე-7 პრიორიტეტთან მედიის თავისუფლების შესახებ და მე-10 პრიორიტეტთან სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს, თუ მათ ნამდვილად სურთ, რომ ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ის ასევე შეიძლება, იყოს არაკონსტიტუციური, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა მართებულად აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას, რომელიც 2017 წლიდან კონსტიტუციაშია მოცემული. 

მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად და დაიცვას ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციური უფლება. ამიტომ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს კანონპროექტი". - აღნიშნულია განცხადებაში. 


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს.

7 მარტის აქციაზე პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა, დაკავებები გაგრძელდა 8 მარტსაც.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები