ოლიგარქია

დიდი ბრიტანეთისთვის უცხო არაა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებზე ცნობები – ლორდი გოლდსმიტი

House of Lords / Parliamentlive.tv

27 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვისას, ქვეყანაში არსებული ოლიგარქიის პრობლემური საკითხიც წამოიჭრა.

"თქვენის ნებართვით, იქნებ დავუბრუნდეთ ლორდ რიჩარდ ჰარისის მიერ ხაზგასმულ ოლიგარქებისა და მათი გავლენის საკითხს. განვიხილოთ, იქნებ შესაძლებელია მეტი სანქციის დაწესება. ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ევროპის საბჭოს მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ ქვეყანას აერთიანებს. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი გავლენა, პოტენციალი, რაც შეიძლება დაგვეხმაროს საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში". - აღნიშნა ბარონესა ჟიზელა სტიუარტმა. 

აღნიშნულ კომენტარს მოჰყვა ლორდ ზაკ გოლდსმიტის შენიშვნა:

"ღირსეული ლორდების წინარე კომენტარები გავლენასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩანიშნულია. განსაკუთრებით, ჩემი აზრით, აქ იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი". 

ლორდი გოლდსმიტის თქმით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი სამოქალაქო პირია. ფორმალურად და კანონის მიხედვით, მას არ აქვს როლი საქართველოს მთავრობაში. თუმცა, როგორც გოლდსმიტმა აღნიშნა, ლონდონისთვის ასევე უცხო არაა ცნობები ივანიშვილის რუსეთთან კავშირებზე. მისივე თქმით, ეს საკითხი დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან უკვე წამოიჭრა და ისინი ირწმუნებიან, რომ მომართული არიან საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვისკენ. ლორდ ზაკ გოლდსმიტის თქმით, ლონდონი ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობისას ფხიზლად იქნება.

კომენტარები