რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია

1 წელია, რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. 1 წელია, უკრაინელი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას -  ადამიანების, ქალაქებისა და სოფლების. სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას. 1 წელია, რაც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მიმდინარეობს ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით. 1 წელია, რაც პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება. ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია.

ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო. რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია. ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა და ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა. პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება. არნახული სოლიდარობა და დახმარებაა. არა მხოლოდ სიტყვიერი და ფინანსური, არამედ, ყველა შესაძლო რესურსით. რუსეთისთვის დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა, რომელსაც ვერც ენერგო და ბირთვულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა და ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა, საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ, ყველას თავისუფალ მომავალს.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავს მიეძღვნა.

კომენტარები