გარდაიცვალა აზოველი მებრძოლი, რომელმაც 4 თვე გაატარა რუსეთის ტყვეობაში

გარდაიცვალა აზოვის პოლკის მებრძოლი, ოლეჰ მუდრაკი, რომელმაც რუსეთის ტყვეობაში 4 თვე გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით 35 წლის მებრძოლის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია. 

მუდრაკი აზოვის პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური იყო და ის ქალაქ მარიუპოლს 2014 წლიდან მოყოლებული იცავდა. 2022 წლის მაისში ის ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა აზოვსტალი დატოვეს. 2022 წლის სექტემბერში ტყვეების გაცვლის ფარგლებში მოხდა მისი უკრაინაში დაბრუნება. 

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

22 სექტემბერს აზოვსტალის მცველთა ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა. ტყვეთა გაცვლა ჩერნიგოვის რეგიონში მოხდა.  

ასევე, 17 თებერვალს უკრაინამ 100 სამხედრო, მათგან 63 აზოვსტალის მცველი, დაიბრუნა. 

"ტყვეთა გაცვლის შედეგად 100 უკრაინელი სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი რუსების ტყვეობიდან სახლს დაუბრუნდა. არმიის, ეროვნული გვარდიისა და მესაზღვრეების ჯარისკაცები... დაბრუნებულებიდან 93 მარიუპოლის მცველია, აქედან 63 აზოვსტალის გმირი". - წერს Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის ოფიციალური გვერდი. 

კომენტარები