რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: აშშ-მ უკრაინას უთხრა, რომ ATACMS-ის შორი მანძილის რაკეტებს მცირე რაოდენობის გამო არ გზავნიან

HIMARS-ის სისტემა და ATACMS-ის რაკეტები.
Mariusz Burcz

გამოცემა POLITICO-ს ოთხი ანონიმური წყაროს ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის დიდი რადიუსის მქონე რაკეტების გადაცემაზე უარი მათი მცირე რაოდენობის გამო უთხრა.

როგორც წყაროები ამობენ, პენტაგონში გამართულ შეხვედრებზე ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკრაინის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ გადასაცემად არმიის ტაქტიკური რაკეტების სისტემა (ATACMS) არ გააჩნიათ. მათი ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ ATACMS-ების აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნით შემცირდება ამერიკული მარაგები, რაც შესაძლო ომისთვის მათი ჯარის მზაობას დააზიანებს.

POLITICO წერს, რომ ეს და კიდევ ერთი შიში, რომ უკრაინა 300 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე გამოიყენებს, არის მიზეზი, თუ ახლო მომავალში რატომ იქნება შეუძლებელი ფრონტის ხაზზე ATACMS-ების ხილვა.

ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან ანონიმურად თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ ამ რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებს, არის ის, რომ ამერიკას ამ საბრძოლო მასალის გარკვეული რაოდენობის შენარჩუნება სურს.

"ყოველ პაკეტში ყოველთვის განვიხილავთ ჩვენს მზაობასა და ჩვენს მარაგებს, როცა უკრაინას ვაწვდით იმას, რაც ბრძოლის ველზე სჭირდება. არსებობს სხვა გზებიც უკრაინისთვის სამიზნეებზე დარტყმისთვის საჭირო შესაძლებლობების გადასაცემად". – თქვა აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

გასულ წლებში კომპანია Lockheed Martin-მა ATACMS-ის 4 000-მდე რაკეტა აწარმოა. მათი ნაწილი აშშ-მ პარტნიორებს მიჰყიდა, 600-მდე ერთეული კი მათმა ძალებმა სპარსეთის ყურის ომსა და ერაყის ომში გამოიყენეს.

POLITICO-სთან ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უკრაინის მიერ ATACMS-ების მიღების ერთ-ერთი ალტერნატივაა რაკეტების შეძენის თხოვნა აშშ-ს პარტნიორ ქვეყნებს გადასცენ და ისინი ვაშინგტონის სამხედრო დაფინანსებით შეიძინონ. ATACMS-ები აქვს სამხრეთ კორეას, პოლონეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, თურქეთს, კატარსა და ბაჰრეინს.

კომენტარები