რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოღალატე თუ უკრაინის გმირი? – სპეცსამსახურების არაკოორდინირებულობის მსხვერპლი

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოღალატე თუ უკრაინის გმირი? – სპეცსამსახურების არაკოორდინირებულობის მსხვერპლი

2022 წლის 5 მარტს კიევის ქუჩაში იპოვეს ბანკირის, დენის კირეევის ცხედარი, რომელსაც კეფის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება ეტყობოდა. თავდაპირველად, უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ კირეევი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი იყო და ის დაკავების დროს შემოაკვდათ. აქამდე, კირეევი მონაწილეობას იღებდა ომის დაწყების შემდეგ კიევსა და მოსკოვს შორის გამართულ პირველ მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც ბელარუსში 28 თებერვალს გაიმართა.

უკვე 6 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირეევი მათი თანამშრომელი იყო და "უკრაინის დაცვის დროს" დაიღუპა. დაზვერვა წერდა, რომ "სპეციალური დავალების შესრულების დროს" მათი კიდევ ორი აგენტი მოკლეს. კირეევი კიევში, გმირთა სასაფლაოზე დაკრძალეს. მეტიც, სიკვდილის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის გამორჩეული წვლილისთვის განკუთვნილი ორდენით დააჯილდოვა.

დეტალები კირეევის სიკვდილისა და ომის გარშემო ჩადენილი ქმედებების შესახებ დიდწილად უცნობი იყო, თუმცა ახალი ფაქტები ამერიკულმა გამოცემამ, The Wall Street Journal-მა გაასაჯაროვა სტატიაში – რუსეთის ჯაშუში თუ უკრაინის გმირი? დენის კირეევის უცნაური სიკვდილი.

ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ კირეევის მკვლელობა ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაციის უქონლობამ გამოიწვია.

დენის კირეევი

"ეს [რუსეთის მიერ] კორუმპირების მცდელობას საერთოდ არ უკავშირდება. ის [მოლაპარაკების] დელეგაციის ოფიციალური წევრი არ ყოფილა. ის ჩართული იყო კონსულტაციებში. უხეშად რომ ვთქვათ, სამხედრო შეტაკებების კონკრეტული მიმართულებით. ის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან იყო კავშირში, მისი მკვლელობა უკავშირდება შიდა... მოდი ასე ვთქვათ, ეს ხომ ომის პირველი დღეები იყო, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ძალოვან სტრუქტურებს შორის საერთო კოორდინაცია არ არსებობდა. ანუ, ერთი მხრიდან იყო კონკრეტული პრეტენზიები მის მიმართ, ხოლო მეორე მხარეს ამ პრეტენზიების დარეგულირება დიალოგის ფორმატით ვერ მოასწრეს. ეს არ უკავშირდება მოლაპარაკებების პროცესს. ის რუსეთის აგენტი არ ყოფილა". – უპასუხა პოდოლიაკმა ლიტველი ჟურნალისტის შეკითხვას. 

კირეევთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის დაზვერვის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ მისმა მოწოდებულმა ინფორმაციამ კიევი დაცემისგან გადაარჩინა.

"რომ არა ის, დიდი ალბათობით, კიევს აიღებდნენ". – თქვა ბუდანოვმა.

კირეევის წარსული

1977 წელს, კიევში დაბადებულმა დენის კირეევმა საკუთარი კარიერა ფინანსურ სფეროში, დასავლური ბანკების ადგილობრივ ფილიალებში დაიწყო. ის მუშაობდა Crédit Lyonnais-ში, Citibank-სა და ING-ში. WSJ ესაუბრა კირეევის ნაცნობებს, რომლებმაც თქვეს, რომ კირეევი კლიენტებთან კარგად და გახსნილად თანამშრომლობდა.

როგორც WSJ-სთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ყოფილმა მეთაურმა თქვა, 2003 წელს კირეევის ნათესავი СБУ-ს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნეს. ამერიკულ გამოცემასთან კირეევის საქმიანმა პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ ამ ფაქტმა ბანკირს ჯაშუშობის ინტერესი გაუღვივა. აქამდე СБУ-ს, რომელსაც მთავრობა ახლა მკაცრად აკონტროლებს, აბრალებდნენ, რომ მოსკოვის გავლენის ქვეშ იყო. 

2006 წელს კირეევმა თანამშრომლობა დაიწყო ანდრიი კლიუევთან და სერგიი კლიუევთან – დონეცკელ ბიზნესმენ ძმებთან. ძმებს ქონება ლითონის მოპოვებითა და უძრავი ქონების ბიზნესის მეშვეობით ჰქონდათ მოპოვებული. ისინი კავშირში იყვნენ პოლიტიკოს ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელიც შემდეგში უკრაინის პრეზიდენტი გახდა და პრორუსული პოლიტიკის გამო გადატრიალება მოუწყვეს. 2015 წელს ანდრიი კლიუევს აშშ-მ სანქციები უკრაინაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებისთვის დაუწესა. 

კირეევის ქვრივმა WSJ-სთან თქვა, რომ მისმა ქმარი ძმებთან კავშირს მოკლედ ხსნიდა. "ამ ხალხს სხვაში ვერ გავცვლით. რაც გვაქვს, გვაქვს". – იხსენებს კირეევის ცოლი.

იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს ანდრიი კლიუევი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე იყო. კირეევმა ძმებ კლიუევებთან არსებული კავშირებით სარგებელი ნახა, მან სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ ბანკებში მაღალი თანამდებობები დაიკავა, დაუახლოვდა СБУ-ს მაღალჩინოსნებს და პირადი დაცვისთვისაც უსაფრთხოების სამსახურის ელიტური დანაყოფის წევრები აიყვანა, როგორც მასთან დაკავშირებული პირები ამბობენ. 

ანდრიი კლიუევი

წლების განმავლობაში კირეევმა კავშირები რუსეთშიც გაზარდა. რუსეთის სამხედრო ფლოტის დღეს ის ყირიმშიც იყო ჩასული, სადაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის გენერლებს შეხვდა, რომელთა შორისაც ბევრს პირადად იცნობდა, როგორც მისი მეგობარი WSJ-სთან იხსენებს. 

2014 წელს, როდესაც უკრაინაში გადატრიალება მოხდა, ქვეყანა იანუკოვიჩის, СБУ-ს მეთაურისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის გარდა, ძმებმა კლიუევებმაც დატოვეს და რუსეთში გადავიდნენ. როგორც WSJ კირეევის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს, ბანკირი ძმებს კიევში დარჩენილი ქონების მართვაში ეხმარებოდა.

მას შემდეგ, რაც დონბასში რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტულ ჯგუფებსა და უკრაინის ძალებს შორის ომი დაიწყო, კირეევი კიევის მხარეს მებრძოლ მოხალისეობრივ ბრიგადებს აფინანსებდა, ყიდულობდა მათთვის აღჭურვილობას, როგორც ეს WSJ-სთან თქვეს. ის მეგობრებთან სინანულით ლაპარაკობდა, რომ მის ქვეყანას სრული პოტენციალის მიღწევა არ შეეძლო, რადგან ძლიერი მეზობელი აფერხებდა.

როდესაც 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, კირეევის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნა განიხილებოდა. თუმცა ის ამ თანამდებობაზე არ დანიშნეს. მედია ქვეყნის მიმართ მის ერთგულებაზე კითხვებს სვამდა. კირეევის ქვრივის თქმით, მისი ქმარი ამ ყველაფერს ჭორებს ეძახდა.

2021 წელს კირეევის თანაკვეთამ რუსულ და უკრაინულ ბიზნესებსა და უსაფრთხოებასთან უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის, გენერალი კირილო ბუდანოვის ყურადღება მიიქცია. 

კირეევის კავშირი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან

ბუდანოვის თქმით, როდესაც 2021 წელს უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა სამხედროების შეკრება დაიწყო, მან კირეევი დაზვერვის შტაბბინაში დაიბარა. დაზვერვის უფროსმა ბიზნესმენს დახმარება სთხოვა, რომ მისი ფინანსური და უსაფრთხოების კონტაქტები რუსეთის სამხედრო დაზვერვაში შესაღწევად გამოეყენებინათ.

"მას შესაბამისი სანაცნობო წრე ჰყავდა. მისი მეშვეობით, ფინანსური ტრანზაქციები სრულდებოდა. ამიტომ ჰქონდა კომუნიკაცია ყველასთან, მათ შორის ძალიან გავლენიან ხალხთან". – თქვა ბუდანოვმა WSJ-სთან.

კირილო ბუდანოვი და დენის კირეევი

როგორც WSJ წერს, კირეევი ბუდანოვს თანამშრომლობაზე დათანხმდა, მისი მოვალეობის გრძნობისა და საიდუმლო ოპერაციების ინტერესის გამო. უსაფრთხოების ჯგუფმა კირეევი ხარკოვში წაიყვანა, საიდანაც მან და უკრაინის დაზვერვის კიდევ ერთმა თანამშრომელმა საზღვარი მანქანით გადაკვეთეს, როგორც ამას ბუდანოვი და ბიზნესმენის პირადი დაცვის წევრი ამბობენ. ის უკან რამდენიმე დღეში დაბრუნდა და უკრაინის დაზვერვის მეთაურს ხვდებოდა.

"მან მიიღო ინფორმაცია ყველაფერზე. სპეცსამსახურებისა და ფინანსების სამყარო, როგორც კრიმინალური სამყარო, მუდამ დაკავშირებულია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყნებში". – თქვა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, როდესაც 2021 წელს აშშ-ს სამხედრო და სადაზვერვო უწყებებმა გაფრთხილება რუსეთის საფრთხის შესახებ დაიწყეს, კირეევმა საკუთარი წყაროების მეშვეობით შეიტყო, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა და ის იყო პირველი, ვინც უკრაინაში განგაში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 22 იანვარს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამსახურში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში დასასმელი მარიონეტული მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის კანდიდატად კირეევის ყოფილ უფროსს, ანდრიი კლიუევს განიხილავდა.

18 თებერვალს კირეევი უკრაინის დატოვებას გეგმავდა, რათა საფრანგეთში, ალპებში ყოველწლიური მოგზაურობა მოეწყო ცოლთან და შვილთან ერთად, მაგრამ, როგორც მისი ქვრივი იხსენებს, ამ დღეს გვიან მოვიდა და თქვა: "არ წავალ".

"თუ დასასვენებლად წავალ, საკუთარ თავს თვალს ვეღარ გავუსწორებ". – იხსენებს კირეევის ქვრივი.

კირეევი და 24 თებერვალს დაწყებული ომი

როგორც WSJ წერს, 23 თებერვალს კირეევმა ბუდანოვს უახლესი სადაზვერვო ინფორმაცია გადასცა: რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში გამთენიისას შეჭრის ბრძანება გასცა. დაზვერვის მეთაურის თქმით, ბიზნესმენმა რუსეთის მთავარი მიზანიც იცოდა.

24 თებერვალს, დილის 8 საათზე, როდესაც ომი უკვე დაწყებული იყო, რუსულმა ვერტმფრენებმა კიევისგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ანტონოვის აეროპორტის ტერიტორიაზე დესანტი გადასხა. კრემლისთვის ამ აეროპორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დედაქალაქზე იერიშისთვის საჭირო ლოგისტიკური ობიექტი გახდებოდა. აქ შეძლებდნენ ჯარების გადმოსხმასა და აღჭურვილობის გადატანას.

ანტონოვის აეროპორტი

გენერალი ბუდანოვის თქმით, უკრაინას კირეევის მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსამზადებლად ძვირფასი რამდენიმე საათი მისცა, რომ მტრის დესანტის მოსაგერიებლად ძალები გაემზადებინათ. რამდენიმე საათიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, აეროპორტი იმდენად დაზიანდა, რომ მას რუსეთის ძალები დანიშნულებისამებრ უკვე ვეღარ გამოიყენებდნენ.

რუსეთის უეცარი გამარჯვების გეგმის ჩაშლის შემდეგ, მხარეებმა ბელარუსში პირველი სამშვიდობო საუბრები გამართეს. რადგან კირეევი რუსეთის დელეგაციის ორ წარმომადგენელს იცნობდა, ბუდანოვმა მას ჰკითხა, შეხვედრას თუ დაესწრებოდა. დაზვერვის მეთაური თვლიდა, რომ ბიზნესმენის კავშირებით საკუთარი ძალების მობილიზებისთვის მეტ დროს მოიგებდნენ.

კირეევმა იცოდა, რომ მისთვის ასეთი საჯარო როლის მორგება სახიფათო იქნებოდა და წასვლა არ სურდა. წლების მანძილზე ის უკრაინაშიც და რუსეთშიც ამყარებდა კავშირებს, თუმცა ომი მას ერთი მხარისთვის მიკუთვნილობას აიძულებდა. როგორც WSJ-სთან წყაროები იხსენებენ, კირეევმა თანხმობის ნიშნად თქვა: "ჯანდაბა, რადგან სამშობლოს ასე სჭირდება [წავალ]".

კირეევი უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად კიევის რკინიგზის სადგურიდან გავიდა, როგორც ამას კონტრდაზვერვის წარმომადგენელი იხსენებს.

28 თებერვალს კირეევის მოლაპარაკებების მაგიდასთან გამოჩენამ ბევრი მისი ნაცნობის გაოცება გამოიწვია. მათ შორის, მისი ცოლისაც, რომელიც უცხოეთში იყო და ქმრის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

"მისი იქ გამოჩენის შემდეგ, მისი სპეცსამსახურებთან კავშირი ყველასთვის აშკარა გახდა. სამწუხაროდ, სიტუაცია კრიტიკული იყო და გარისკვა გვიწევდა". – თქვა ბუდანოვმა.

კირეევისთვის სიკვდილის შემდეგ გადაცემული ჯილდო

როდესაც კირეევი ბელარუსიდან დაბრუნდა, ის ბუდანოვს შეხვდა და რამდენიმე საათი ესაუბრა. მისი დაცვის ჯგუფის წევრი იხსენებს, რომ ბიზნესმენი გრძნობდა, საფრთხეში იყო. კირეევის მეგობარი იხსენებს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, ის ბიზნესმენს ეწვია, კიევის ჩრდილოეთ მისადგომებთან მდებარე სახლში. კირეევს დიდი კალიბრის სანადირო იარაღი ეჭირა და თქვა, რომ მან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ესროლა, რომლებიც მასთან რამდენიმე ღამის წინ მივიდნენ.

როდესაც 3 მარტისთვის რუსეთ-უკრაინის მომდევნო მოლაპარაკება ჩაინიშნა, ბუდანოვი კირეევს კვლავ დაუკავშირდა, რომ ის პროცესს დასწრებოდა.

ბელარუსში მოლაპარაკებების წინა ღამეს, კირეევმა მიიღო ზარი. მას СБУ-ს კონტრდაზვერვის მეთაური ოლექსანდრ პოკლადი ურეკავდა, როგორც გენერალი ბუდანოვი იხსენებს. პოკლადს ევალებოდა დაზვერვასა და უსაფრთხოებაში მყოფი რუსეთის აგენტების გამოაშკარავება. პოკლადმა WSJ-სთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

კირეევი კიევის რკინიგზის სადგურზე პირადი დაცვით მივიდა, თან ახლდა სამხედრო დაზვერვის აგენტებიც, რომლებიც ბელარუსში უნდა გაჰყოლოდნენ. მცველებს უთხრა, რომ შესაძლოა, მისი დაკავება ეცადათ და არ ჩარეულიყვნენ, როგორც მისი დაცვის წარმომადგენელი იხსენებს.

კირეევის ჯგუფი კიევში გადაადგილდებოდა. ისინი წმ. სოფიას მონასტერთან გააჩერეს, სადაც СБУ-ს რამდენიმე მანქანა იდგა. მის დაცვასა და სამხედრო დაზვერვის აგენტებს იარაღის დაყრის ბრძანება მისცეს. კირეევი ერთ-ერთ მანქანაში ჩასვეს. 90 წუთის შემდეგ, სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები გამოძახეს ადგილზე, სადაც კირეევის ცხედარი იპოვეს. უკრაინის საგამოძიებო ბიურომ WSJ-სთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

როგორც გამოცემა WSJ უსვამს ხაზს, მომდევნო თვეებში კიევის მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურებში რუსული გავლენები აღმოფხვრა. ივლისში ზელენსკიმ გაათავისუფლა СБУ-მეთაური და პროკურორიც, ასევე უსაფრთხოების სამსახურის გენერლები. ზოგიერთ მათგანს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ხელშეწყობაში ედებოდა ბრალი. გაიხსნა სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებული 650 საქმე. რაც შეეხება კირეევს, ის უკრაინელი გმირების გვერდზე დაკრძალეს.

კირეევის საფლავი

 

კომენტარები