კრიმინალი

კაცს, რომელიც 14 წლამდე გერს აუპატიურებდა და ოჯახში ძალადობდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა – POG

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელიც 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურებაში, სექსუალური ხასიათის ქმედებაში, ოჯახში ძალადობაში, სისტემატურ ცემასა და მუქარაში იყო ბრალდებული, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

"გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს, ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებოდა მას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ, ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით  სისტემატიურად ახოროციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატიურად აუპატიურებდა". - წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, სასამართლომ ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე. 

"ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს". - წერს პროკურატურა. 

კომენტარები