საქართველო-უკრაინა

ბოკერია: ოცნებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ომში ჩართვის ტოლფასია

ბუკის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური, ანტიქართული, მოღალატეობრივი პროპაგანდის მორიგ ეპიზოდს ვადევნებთ თვალს.

აქაც, ტრადიციულად, მრავალი ტყუილი ითქვა.

ჯერ მოიგონეს პირველი სიცრუე, თითქოს უკრაინულმა მხარემ ან ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვეს, რომ უკრაინამ საქართველოს 2007 წლის ბოლოს, რუსულ აგრესიამდე ბუკის ტიპის იარაღი უფასოდ გადასცა.

მსგავსი არავის არაფერი უთქვამს.

მაშინვე ითქვა, რომ იარაღის გადმოცემა ფასის სანაცვლოდ მოხდა, უბრალოდ, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს რუსეთი არაერთ ქვეყანაზე ეფექტურ წნეხს ახორციელებდა, რომ საქართველოსთვის იარაღი არ მიეყიდათ და სწორედ ასეთ ვითარებაში მიიღო უკრაინამ ეს გადაწყვეტილება.

მაშინ რუსეთს არაერთ დასავლურ ქვეყანაში, მართალია, რთული, თუმცა მაინც მოკავშირის რეპუტაცია ჰქონდა და პუტინის რუსეთი დასავლეთში საკმაოდ ეფექტური პროპაგანდის წარმოებას ახერხებდა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა იყო საშიში და ვითარებას გაამწვავებდა. ასეთ საერთაშორისო კონტექსტში უკრაინის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მიეყიდა იარაღი, იყო პრინციპული პოლიტიკური მნიშვნელობის.

ამ სიცრუეს დააშენეს შემდეგი, თითქოს ახლა უკრაინა ითხოვს ჩვენგან, სანაცვლოდ ბუკის ტიპის იარაღს უფასოდ.

სინამდვილეში კი, იმავე წყაროს ცნობით, ბუკის ტიპის იარაღის სანაცვლოდ შეერთებული შტატები საქართველოს უკეთეს შეიარაღებას გადასცემს. თუკი ვინმეს უჩნდება კითხვა, ამის გათვალისწინებით, რატომ სჭირდება უკრაინას ბუკის სისტემა, უკრაინის სამხედრო ამოცანებს თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც ზეთანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, მსგავს შეიარაღებასაც მოითხოვს.

თუმცა ეს მეორეხარისხოვანია, მთავარი კი ის გახლავთ, რომ ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს შეიარაღება გაძლიერდებოდა.

პარადოქსულია, თუმცა ამ რეჟიმის პროპაგანდისთვის ნიშანდობლივი, რომ ისინი შეერთებული შტატებისგან უკეთესი იარაღის მიღების პირობას ადასტურებენ, თუმცა ამას უკავშირებენ თავიანთი პროპაგანდის მთავარ ხაზს, რომ ასე ცდილობს დასავლეთი ჩვენს ომში ჩართვას.

არსებითად, ეს ნიშნავს, რომ მათთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მისი ომში ჩართვის ტოლფასია. პუტინის რუსეთის ზუსტად იმ პროპაგანდას იმეორებენ, რომლის საპირისპიროდაც უკრაინამ რუსულ აგრესიამდე იარაღი მოგვყიდა.

თუ ამ მოღალატეობრივ აბსურდს დავუჯერებთ, მაშინ არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ, არამედ ჯარიც უნდა გავაუქმოთ, რადგან ესეც რუსეთთან ომში ჩართვის ტოლფასია.

სამწუხაროდ, ამ სიცრუისა და პროპაგანდის ნიაღვარით რეჟიმმა საზოგადოების რაღაც ნაწილის დაშინება მოახერხა.

სიმართლე კი სრულიად საპირისპიროა.

სწორედ შემდგომი ანექსიის რისკის შესამცირებლად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ისარგებლოს ამ შესაძლებლობათა ფანჯრით, გაძლიერდეს, რათა უკრაინაში მარცხის შემდეგ, პუტინის რუსეთმა იცოდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა ძვირი დაუჯდება.

ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვისარგებლოთ უკრაინაში რუსეთის კატასტროფული წარუმატებლობით და გავძლიერდეთ მაქსიმალურად, ხოლო რუსეთის უკრაინასთან დამარცხების მომენტში მზად ვიყოთ ნატოს წევრობისთვის, ან წევრობისკენ შემდგომი ნაბიჯისთვის.

ამის საპირისპიროა ივანიშვილის რეჟიმის "ლოგიკა", რომ თუ არ გავინძრევით და ჯარს არ გავაძლიერებთ, ომს გადავრჩებით. ეს არის მოღალატეობრივი სისულელე და სიცრუე.

დღეს საქართველოს ყველა ხელისუფალი ვაშინგტონსა და ბრიუსელში ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენი ქვეყნის მეტ დაცულობას უნდა ლობირებდეს. ივანიშვილის რეჟიმი კი არათუ არაფერს აკეთებს ამისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ.

წერს Facebook-ზე ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემასაც. დიპლომატი წერს, რომ ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ, არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩაბმის მცდელობის შესახებ". – აღნიშნავს კასიანოვი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2007 წელს საქართველომ უკრაინისგან ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები "მრავალმილიონიანი შესყიდვით" მიიღო. მათივე თქმით, 2017 წელს თავდაცვის უწყებამ "ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა" აშშ-სგან ჯაველინის ანტისატანკო სისტემების შესყიდვის მიზნით. თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, "რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია".

კომენტარები