პროტესტი ირანში

ბორელი: ევროკავშირი ირანს მომიტინგეების სიკვდილით დასჯის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი ირანში დემონსტრანტების, მოჰამად მეჰდი კარამისა და სეიედ მოჰამად ჰოსეინის სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით აღშფოთებულია.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომიტინგეების მიმართ სიკვდილით დასჯის დაკისრებისა და აღსრულების პრაქტიკა, რაც ჩვენ მიერ მკაცრად დაგმობილია". -  თქვა ბორელმა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია. 

ევროკავშირმა ირანს უკვე გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გაუქმებისკენ მოუწოდა. 

"სიკვდილი სასჯელი არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, რომელიც არ მოქმედებს, როგორც დანაშაულის შემაკავებელი. გარდა ამისა, ეს არის საბოლოო სასჯელი, რომელიც შეუქცევადს ხდის მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზებს”. - დასძინა ბორელმა.

ირანში 7 იანვარს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის კიდევ ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს. ერთ-ერთი მამაკაცი ჩემპიონია კარატეში, ხოლო მეორე - მოზარდთა მწვრთნელი. 

საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობით დაიწყო, რომელიც “მორალის პოლიციამ” მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა. პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს. საპროტესტო აქციაზე გამოსული ქალები თავიანთ ჰიჯაბებს იხსნიდნენ და ანადგურებდნენ, თმას საჯაროდ იჭრიდნენ და "თავისუფლების ცეკვას" ასრულებდნენ.  

მას შემდეგ აქციების მასშტაბიც შეიცვალა და მომიტინგეების მოთხოვნაც. თუ დასაწყისში მოქალაქეები მეტ თავისუფლებას ითხოვდნენ, დღეს მომიტინგეების მთავარი სურვილი ხელისუფლების დამხობაა.

კომენტარები