რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ კიევი ძალიან მალე ფრანგულ AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებსა და ბასტიონის ტიპის ჯავშანტრანსპორტს მიიღებს

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი და France-Presse ელისეს სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებენ. მაღალჩინოსანმა არ დააკონკრეტა ის, თუ როდის და რამდენ ჯავშანმანქანას მიიღებს უკრაინა. 

AMX-10RC ჯავშანმანქანას ხშირად "ბორბლიან ტანკსაც" უწოდებენ. მას სხვა ჯავშანმანქანებთან ბრძოლისას იყენებენ. AMX-10RC აღჭურვილია 105 მმ-იანი ქვემეხითა და ტყვიამფრქვევით. 

ასევე, მაკრონისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს. მან მაკრონს მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან არსებულ ვითარებაზე დიდხანს და დეტალურად ვისაუბრე. მადლობა გადავუხადე უკრაინაში მსუბუქი ტანკებისა და ბასტიონის ტიპის ჯავშანტრანსპორტის გადაცემის გადაწყვეტილებისთვის. ასევე, შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზეც, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. მადლობა, მეგობარო! თქვენ გამარჯვებასთან გვაახლოებთ". - წერს ზელენსკი.

კომენტარები